Saturday 12 May 2012

ჯგეგე, ჯვარზენის წმინდა გიორგი


სტატია დაიბეჭდა წალენჯიხის რაიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთ "ეგრისში" 1-10 მაისი 2012 წ. # 7 (7507)  




ირინე გივიაშვილი
                      ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
                      გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
                      ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი



ჯვარზენის ეკლესია

 ჯვარზენის ეკლესიის შესახებ ჩემი პედაგოგის, პროფესორ  პარმენ ზაქარაიასგან შევიტყვე, როცა თსუ ასპირანტმა სადისერტაციო თემაზე დავიწყე მუშაობა. ყოველთვის ვიცოდი, რომ კვლევა მაშინდელ ყამირ მიწაზე - ტაო-კლარჯეთზე მინდოდა. 1993 წელს საქართველო-თურქეთის საზღვარი ახალი გახსნილი იყო და ჩემი გული და გონებაც იქით მიემართებოდა, მაგრამ თუ რაზე უნდა მემუშავა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურიდან, ეს ბატონმა ნაპომ მიმითითა – ტრიკონქი. 
   
მკითხველს განვუმარტავ, რომ ტრიკონქი გარკვეული არქიტექტურული ტიპის განმსაზღვრელი ტერმინია და ნიშნავს ჯვარ-გუმბათიან ნაგებობას, რომლის სამი მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული დაბოლოებისაა, ანუ აფსიდურია. ამ ტიპის ძეგლები ბევრი არ აშენებულა (უმეტესობა ტაო-კლარჯეთშია: ბახჩალო ყიშლა, ისი, დორთ ქილისა, ზეგანი, ურაველი, ტამრუტი, ოშკი, რამდენიმე აღმოსავლეთ საქართველოში: თელოვანი, ავნევი, ალავერდი; ორიც დასავლეთ საქართველოში:  ქუთაისსა და ჯვარზენში) და არც შენების ხანა ყოფილა ხანგრძლივი (VIII-XIVსს). თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გამორჩეული და დიდებული ძეგლები სწორედ ტრიკონქებია და ესაა ოშკის ეკლესია, ქუთაისის ბაგრატისა და ალავერდის კათედრალები. ტრიკონქის ტიპისაა ასევე თანამდეროვე სამების კათედრალი თბილისში.
       
ტრიკონქის ტიპის იყო ჯვარზენის ეკლესიაც. მის არქიტექტურაზე ქვევით მოგითხრობთ, მანამდე კი ამ ეკლესიის ისტორია უნდა გავიხსენოთ.
     
 ბატონი პარმენი მის ასპირანტებს გვაცნობდა ქართული არქიტექტურის ცნობილ თუ მივიწყებულ ძეგლებს, გვიყვებოდა მათ ისტორიებს, საკუთარ გამოცდილებას, აღმოჩენებს, გადმოგვცემდა მის არქივში დაცულ მასალას, გვაცნობდა და გვაკავშირებდა მათთან, ვისაც ამ ძეგლებზე ემუშავა ან რაიმე ჰქონდათ სათქმელი. 
     
 ალბათ ყველაზე დამთრგუნველი ამბავი და შემზარავი ფოტო, რომელიც ბატონმა პარმენმა გადმომცა, ჯვარზენს ეხებოდა. ჩვეული სიდინჯით მიამბო ამბავი, თუ გონებადაკარგულმა სოფელმა 1932 წელს ეკლესია სიწმინდეებისგან როგორ გაძარცვა და დაანგრია; როგორ გადაიღო მერე ეს სამარცხვინო სურათი, “სამახსოვროდ” იმისა, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი პასუხიმგებლობა საკუთარი წინაპრების, წარსულის წინაშე და ვალდებულებები ჩვენივე მომავლთან... 

ბატონი ნაპოს გადმოცემით, ეკლესიის ნგრევის დროს ერთ მოხუცს ახალგაზრდა აქტივისტისთვის მიუმართავს: განა ღმერთის არ გეშინია ეკლესიას რომ ანგრევო? ჯან-ღონით სავსე უტიფარი ახალგაზრდა კი შეპასუხებია, განა რა უნდა დამაკლოს ღმერთმაო? ტვინი და გონება წაურთმევია და ამაზე მეტი რაღა უნდა დაგაკლდესო! უპასუხია მოხუც ჯვარელს. სხვაც ბევრი ამბავი მომიყვა: როგორ გაგიჟებულა და მომკვდარა ეკლესიის დამანგრეველი ერთ-ერთი აქტივისტი, როგორ გამოჰყოლიათ ცოდვა შთამომავლებს, როგორ იყო მიტოვებული, მაგრამ მიწაში ჩამარხული და სულის სიღრმეში შენახული ნაეკლესიარის ნანგრევები სკოლის ეზოში, მერე როგორ გაასუფთავეს ნანგრევები არქეოლოგიური კვლევების დროს, აზომეს, გამოაქვეყნეს სტატიები, როგორ გამოუჩნდენ მის მეორედ აშენებას გულშემატკივრები ბატონი გვანჯი მანიას თაოსნობით და ა.შ. მას შემდეგ ლამის ოცი წელი გავიდა, მრავალ ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია, ბევრიც აღსდგა, უფრო მეტიც ახალი აშენდა… 
   
მეც გულწრფელად ვგულშემატკივრობ ჯვარში ეკლესიის აღდგენის იდეას. ველი იმ დროს, როცა ჯვარელები ძალასა და ენერგიეს მოიკრებენ, საკუთარი წინაპრების დატოვებულ ტვირთს მხრებიდან მოიშორებენ და ეკლესიის ფუძეზე ტაძარს აღმართავენ. ფრიად გამახარა ბატონი ზურაბ სამუშიას ცნობამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ ეკლესიის ტერიტორიის შემოკავებისა და განათების სამუშაოების ჩატარების შესახებ.

ამასთანავე ვიმედოვნებ, რომ ჩემი კვლევა დაეხმარება ტაძრის მეორედ აღმშენებლებს ტაძრის არქიტექტურის უკეთ გააზრებასა და მისი ავთენტური ფორმების წარმოსახვაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და მრევლს კი ჩემი შეხსენება არ სჭირდება - შესახსენებლად წინაპრებმა ფოტო დატოვეს…...




* * *
 ნაეკლესიარი მდებარეობს წალენჯიხის რაიონში, მდ. ენგურის ხეობაში, ქალაქ ჯვარში, ჯვარზენის უბანში. დასახლების სახელწოდებას _ ჯვარი _ ადგილობრივები წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოსვლას უკავშირებენ. `გადმოცემით მესხეთიდან ეგრისში გადმოსულ ანდრია მოციქულს ერთი მშვენიერი მთის პირას აღუმართავს ჯვარი. ამიტომ მდინარე ენგურისა და მდინარე მაგანასპირა სოფელს, სადაც ჯვარი ყოფილა აღმართული, სახელად ჯვარი დარქმევია~ (გ. მანია, `ანდრია პირვეწოდებულისაგან სახელდებული ჯვარი~, ჟურნალი აია, #1, 1996: 8-10).
ტაძარი წმ. გიორგის სახელზეა აგებული და ადგილობრივები მას `ჯგეგე~_ს უწოდებენ.


ეკლესიის ნანგრევები 1967 წელს შეისწავლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახ. მუზეუმის დაზვერვითმა ექსპედიციამ პ. ზაქარაიას ხელმძღვანელობით, და მაშინვე შესრულდა ძეგლის ანაზომი (აზომილია არქიტექტორ ს. ბოლქვაძის მიერ). სამეცნიერო ლიტერატურაში ჯგეგეს ეკლესია ჯვარზენის სახელითაა ცნობილი ხელოვნებათმცოდნე თამილა კაპანაძის პუბლიკაციებით. პირველ სტატიაში - `ჯვარზენის ტრიკონქი~ (თ. კაპანაძე, ჯვარზენის ტრიკონქი, ძეგლის მეგობარი, #1, თბ., 1989: 66-67) - წარმოდგენილია ძეგლზე ჩატარებული გათხრის შედეგად მოპოვებული მასალა, გეგმა, აღწერა და ავტორისეული დათარიღება – IX-X სს; მომდევნო პუბლიკაციაში `ანტირელიგიური აქციების მსხვერპლი: როგორ დაანგრიეს  სოფ.  ჯვრის  წმ.  გიორგის ეკლესია~  (თ. კაპანაძე, ანტირელიგიური აქციების მსხვერპლი: როგორ დაანგრიეს სოფ. ჯვრის წმ. გიორგის ეკლესია, ძეგლის მეგობარი, #3, თბილისი, 1996: 36-38) გამოქვეყნდა 1932 წლის ფოტო, რამაც საშუალება მისცა სტატიის ავტორს დაეზუსტებინა მანამდე უცნობი დეტალები. გასული საუკუნის დასასრულს, ბატონი გვანჯი მანიას ინიციატივითა და არქეოლოგების ზედამხედველობის ქვეშ (არქ. დავით ლომიტაშვილი) გასუფთავდა ტაძრის ტერიტორია, მოხდა ხელახალი ფოტოფიქსაცია, შესრულდა ტაძრის ხელახალი ანაზომი და დაზუსტდა გეგმა. 1999 წლის 7 მარტს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სხდომათა დარბაზში მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია “ჯვარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის აღდგენისათვის”.


ეკლესიის ნანგრევები დაახლოებით 1-2 მ სიმაღლეზეა დარჩენილი. ის ნაგები იყო საშუალო ზომის შირიმის ქვით დუღაბზე, გარედან შემოსილი იყო საშუალო ზომის თლილი ქვით, შიგნიდან კი სანახევროდ თლილი ქვით. მიუხედავად ფრაგმენტულობისა, მისი კომპოზიციის ზოგადი წარმოდგენა შესაძლებელია: ეს არის სამყურა კომპოზიცია, რომელსაც დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. სამი აფსიდითა და დასავლეთი მკლავით მიღებული ჯვრის გადაკვეთაზე აღიმართებოდა გუმბათი, რომლის პროპორციებისა და გარეგნული სახის შესახებ არანაირი ცოდნა არ გაგვაჩნია. 

აფსიდების და დასავლეთის მკლავის შესაყარზე, როგორც უკანასკნელმა გათხრებმა გამოავლინა, აღიმართებოდა პროფილირებული პილასტრები (ნახევარსვეტები) რომელიც ფაქტიურად იკავებდა გუმბათსაც. მართალია, ეს პილასტრებია, რადგან კედლების კუთხეებს არის შესისლხორცებული, მაგრამ ვიზუალურად მათ დამოუკიდებლად მდგომი სვეტების გარეგნული ეფექტი უნდა ქონოდათ, რადგან პროფილირებული კუთხეებით ისინი კედლებიდან წინ, ცენტრისაკენ `მოდიან~, აფსიდები კი მათ უკან რჩება. საქართველოს ჩვენთვის ცნობილი ტრიკონქებისათვის ასეთი კომპოზიცია უცხოა, თუმცა საერთოს ჰპოვებს სხვა ტიპის ეკლესიებთან, სადაც ასევე გუმბათის დამჭერი ბურჯები კედლის პირასაა დამყარებული. მაგ.: კუმურდოში (964წ.) ყოველი აფსიდის კუთხე ამგვარი მასიური პილასტრ-სვეტებით აღინიშნება; ტბეთში (Xს.II ნახ.), ორი ბურჯი თავისუფალია, ორი კი კედელსაა შესისლხორცებული. ბურჯების დადგმის სურვილით ჯვარზენი ერთგვარ გამოძახილს ავლენს დიდ ტრიკონქებთან, მაგალითად ოშკისა (963-973წწ.) და მისგან მომდინარე ქუთაისის `ბაგრატის ტაძრის~ (დასრ. 1004წ.) გეგმარებასთან და კომპოზიციურ  გადაწყვეტასთან, სადაც გუმბათი თავისუფლად მდგომ ბურჯებს ეყრდნობა. უნდა ვიფიქროთ, რომ ჯვარზენის ბურჯებსმიმგვანებული ნახევარსვეტებიც ქუთაისის კათედრალის შთაგონებით იყო ნასაზრდოები. მაგრამ ტაძრის მასშტაბიდან გამომდინარე ბურჯები თავისუფლად ვერ აღიმართა, აქ ამდენი სივრცე არ იყო და შესაბამისად სვეტები ნახევარსვეტებად იქცა, როცა კედლის კუთხეებს იქნა მიშენებული; ამავე დროს, ჩემი წარმოსახვით, შიდა სივრცის კომპოზიციაში ეს პილასტრები კედლებისაგან დამოუკიდებლად, თავისუფლადმდგომად აღიქმებოდა.

საკურთხევლის აფსიდს არ ჰქონია დამატებითი ოთახები – სადიაკვნე და სამკვეთლო. არსებული ნაშთებით მათი არსებობის დადგენა არ ხერხდება. დასავლეთი მკლავი სხვა მკლავებთან შედარებით დაგრძელებულია, თუმცა ეს დაგრძელება მხოლოდ პირობითია და მკლავის სიგანე მაინც აღემატება მის სიგრძეს. მიუხედავად ამისა, ჯვარზენის ოსტატი მაინც დროის ტალღასაა აყოლილი და დასავლეთი მკლავი ორსაფეხურიანი პილასტრებისა, პილასტრ-ბურჯებისა და კუთხის ნახევარპილასტრების საშუალებით ორ თანაბარ მოცულობად აქვს დაყოფილი. სამხრეთისა და ჩრდილოეთ კედლებს აყოლებული ორ-ორ საფეხურიანი პილასტრები თხელია და არც მაინცადამაინც მძიმე. სამწუხაროდ, უცნობია, გადადიოდა თუ არა უკანა საფეხურებიდან ყრუ თაღები სამხრეთისა და ჩრდილოეთი კედლების გაყოლებაზე. თ. კაპანაძე აღნიშნავს, რომ `ასეთი შვერილი პილასტრები IX-X საუკუნეებისათვის არის დამახასიათებელი" და მკვლევარი ეკლესიის აგების თარიღსაც ასევე განსაზღვრავს. იგი ჯვარზენის ტრიკონქს ტაო-კლარჯეთის მცირე ზომის ტრიკონქების თანადროულად მიიჩნევს. ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად დავაზუსტოთ საქართველოში ამგვარი პილასტრების გავრცელების დრო _ ისინი, კერძოდ, X საუკუნის II ნახევარში ან ბოლოში მკვიდრდება, (ნ. ვაჩეიშვილი, `დარბაზულ ეკლესიათა შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტის რამდენიმე თავისებურბა~, ძეგლის მეგობარი, #1, 1997: 16), როცა ხდება პილასტრების ფორმათა შემსუბუქება და მისი პროპორციებიდან გამომდინარე კედელთან მეტი დაკავშირება. ამგვარი პილასტრები სივრცის `შევიწროვებასა~ და კედლის პლასტიკურ დამუშავებას ემსახურება და არა მკლავის ტექტონიკურ აქცენტირებას. ცენტრალური სივრცისა და დასავლეთი მკლავის ერთმანეთისაგან გამოყოფის ტენდენცია სხვა ტრიკონქებშიაც იკვეთება (მაგ.: ისი, ბაღჩალო ყიშლა, ზეგანი.   იხ. ი. გივიაშვილი, ი. კოპლატაძე: ტაო-კლარჯეთი, თბილისი, 2004: 87-121 და ი .გივიაშვილი, ზეგანის (ზაქი) ეკლესია: ტრიკონქის თემის ისტორიისათვის ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი, თბილისი, 2005). მაგრამ ჯვარში მასიური პილასტრ-ბურჯების აღმართვით სხვა მხატვრული ეფექტი მიიღება და იგი ბურჯებიანი ტრიკონქის სივრცულ გადაწყვეტას უფრო უკავშირდება, ვიდრე ჩვენს მიერ განხილული ტრიკონქების შიდა აგებულებას.


გარეთა მასებში პირდაპირ არის გადმოტანილი შიდა სივრცის მოხაზულობა, ანუ სამივე აფსიდი წრიული მოხაზულობის კედლებით მოისაზღვრება, დასავლეთი მკლავი კი სწორკუთხედს წარმოადგენს. აფსიდების გარე მასებში წრიული კედლით გამოტანა, როგორც ცნობილია, დამახასიათებელია მთლიანად დასავლეთ საქართველოს არქიტექტურისათვის; იგივე მიდგომა ზოგადად ტრიკონქების ხუროთმოძღვრებაშიც პოპულარულია; ამ ორივე ტრადიციის გათვალისწინებით კი გასაკვირი არაა, რომ ჯვარზენში ყველა აფსიდი შვერილია. ამგვარი პარალელი მხოლოდ დორთ ქილისაში გვაქვს, იმ განსხვავებით, რომ იქ აფსიდები სამწახნაგოვანი კედლით მოისაზღვრება. 

Add caption


Add caption



Add caption




ჩვენთვის ცნობილი პირველადი გეგმის მიხედვით ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან გაჭრილი კარიდან ჰქონდა. ფოტოზე დაკვირვების შემდეგ თ. კაპანაძე აღნიშნავს: `ფოტოს საშუალებით შეგვიძლია კიდევ ერთი ფრაგმენტის _ სამხრეთის კარის აღდგენაც~ და ავტორი ნახაზზე ამ კარს სამხრეთი მკლავის ცენტრში მიუთითებს (თ. კაპანაძე, ანტირელიგიური აქციების მსხვერპლი: როგორ დაანგრიეს სოფ. ჯვრის წმ. გიორგის ეკლესია, ძეგლის მეგობარი, #3, თბილისი, 1996. გვ. 36). 1932 წლის ფოტოსა და სოფლის ლანტშაფტზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ფოტოზე აღბეჭდილია არა სამხრეთი, არამედ დასავლეთი. თავად ფოტოზე დაკვირვებაც ცხადყოფს, რომ აქ ეკლესიის ბრტყელი კედელი ჩანს და არა წრიული. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ ტაძარს ჰქონდა კარი სამხრეთიდანაც, ამას თ. კაპანაძე პირველ სტატიაშიც ვარაუდობდა, რადგან კარი სამხრეთიდან საერთოდ ტრადიციული იყო. ტაძრის გათხრებმა აჩვენა, რომ კარის ღიობები იყო სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდებშიაც. 1932 წლის ფოტოზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ტრიკონქი სარკმლებით უხვად იყო შემკული. როგორც ჩანს, გარდა სტანდარტული მკლავების შუაში დატანებული თითო ცენტრალური სარკმლისა, ჯვარზენის ეკლესიას კიდევ სამ-სამი სარკმელი ანათებდა. მაგალითად, დასავლეთ ფასადზე დანამდვილებით ჩანს ორი კიდურა სარკმლის ძირი და ლოგიკურად მათ შუა, უფრო მაღლა, ცენტრალური სარკმელიც იქნებოდა. ასევე სამხრეთი მკლავის დასავლეთ ნაწილში ჩანს სარკმელი, რომელიც შედარებით დაბლაა გაჭრილი. ვფიქრობთ, ასეთივე სარკმელი იყო მკლავის აღმოსავლეთ ნაწილშიც, ხოლო მათ შუა ცენტრალური სარკმელი, შედარებით, მაღალზე იდგა. სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვით ჩრდილოეთ მკლავში გაჭრილ სარკმელთა რაოდენობაზე, ხოლო აღმოსავლეთზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკურთხევლის მხარე ასევე სამი სარკმლის მეშვეობით და ასევე უხვად იქნებოდა განათებული.





ამჯერად ძნელია საუბარი გუმბათსა და გუმბათქვეშა სივრცის მოწყობაზე. შესაძლოა, მკლავების სიმრგვალიდან გამომდინარე გუმბათიც წრიული ფორმისა ყოფილიყო. ხოლო გუმბათქვეშა კონსტრუქციად აფრა გამოიყენებოდა, როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა თანადროულ ეკლესიებში.

რაც შეეხება ძეგლის თარიღს, ვფიქრობთ, რომ ჯვარზენის ტრიკონქი XI საუკუნის პირველ ათწლეულში უნდა აეშენებინათ. ამის საფუძველს შემდეგი ფაქტორები იძლევა: 
ტაძრის მასშტაბი, ტრიკონქისა და დასავლეთი მკლავის შეფარდება. მართალია, ეს უკანასკნელი სხვა მკლავებთან შედარებით გრძელია, მაგრამ აქ არ აღინიშნება ის სიგრძე, რომელიც ქართული არქიტექტურისათვის X საუკუნის შუახანებამდე იყო დამახასიათებელი. ტაო-კლარჯეთის ძეგლები (მათ შორის ტრიკონქები _ ზეგანი, ოშკი), შედარებით სტაბილურად ინარჩუნებენ დაგრძელების ტენდენციას და ამას სწორედ დასავლეთი მკლავის ხარჯზე ახერხებენ, მაგრამ ჯვარზენი არ მიეკუთვნება სამხრეთ საქართველოს. ჯვარზენში დასავლეთი მკლავი აშკარად დამოკლებულია. 
ჯვარზენში ჩნდება გუმბათის დამჭერი მასიური პილასტრები, რომელნიც ოთხი ბურჯის ეფექტით მუშაობენ შიდა სივრცის გადაწყვეტაში. ამგვარი აგებულება ჯვარზენს აშორებს როგორც  უფრო ადრეულ ტრიკონქებს (ისი, თელოვანი), სადაც შიდა სივრცე სირთულის `წყალობით~ დანაწევრებულია, ასევე ტრიკონქების იმ ჯგუფს, სადაც შიდა სივრცის გამთლიანება ხდება (დორთ ქილისა, ბახჩალო ყიშლა, ურაველი...); ამგვარი აგებულებით ის გამოძახილს ჰპოვებს დიდ ტრიკონქებთან, სადაც გუმბათს ბურჯები იკავებს, კერძოდ, ქუთაისის `ბაგრატის ტაძართან~, რომელიც 1004 წელს დასრულდა. ამ ნიშნით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯვარზენის შენება ბაგრატის შთაგონებით მოხდა, მაგრამ იმის გამო რომ მასშტაბი გაცილებით მცირე, ბურჯები დამოუკიდებლად ვერ აღმართეს და ისინი მკლავების კუთხეებს მიეკრა. 
სარკმლების მოჭარბებული რაოდენობა: სამ-სამი სარკმელი თითო მკლავში ასევე დიდი ტაძრებიდან მოსულ გავლენად უნდა მივიღოთ;
სამშენებლო ტექნიკა, რომელიც გარე ფასადებს უკეთ ნათალი მომცრო ზომის ქვით აწყობასა, შიდა კედლების ნაკლებად დამუშავებული ქვით, ხოლო კონსტრუქციული დეტალების კარგად დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით შესრულებაში მდგომარეობს. ეს ტექნიკა შორსაა განვითარებული XI საუკუნის, თუ იმავე X საუკუნის მაღალმხატვული და მაღალი ხარისხის არქიტექტურული ფასადებისაგან. 

ვფიქრობ, რომ ჯვარზენის  ტრიკონქის აგების პერიოდი XI საუკუნის პირველ ათწლეულით უნდა განისაზღვროს.
ანდრია პირველწოდებულისეული ჯვრის აღმართვის ადგილას ათასწლოვანი ტაძრის ფუძე ოთხმოწლიანი განადგურების შემდეგ მეორედ აშენების პირისპირ დგას. ისმის კითხვა – მალე აღსდგება ეკლესია ჯვარზენში? სოფელში, რომელსაც სახელად ღმრთისა და მისი სიმბოლოს, ჯვრის უზენაესობა საკუთარ სახელშივე უპირველესად უღიარებია!





P.შ. სტატია დასაბეჭდად გამზადებული იყო, როცა ბატონმა ზურაბ სამუშიამ ნაეკლესიარიდან მოგროვილი დამატებითი მასალა გამომიგზავნა, კერძოდ, რელიფური ქვები რაც საუკეთესო მასალაა ეკლესიის დასათარიღებლად, მისი ხარისხის, მშენებელთა ოსტატობის, კულტურის თუ გემოვნების განსასაზღვრად. მასალა მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა. პირველ ყოვლისა, ესაა რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვა, რომლებიც შუგროვებია და სახლში შეუნახავს რომანოზ (ბესარიონ) გეთიას.

მეორე სახის მასალა, თავად ეკლესიის კედელზე შემორჩენილი და მის ნანგრევებში ნაპოვნი ნაკვეთი ქვებია. საკმაოდ უცნაურია ეკლესიის სამხრეთი კარის პორტალის შემკულობა, ორსავ მხარეს შემორჩენილია საფეხურებად დაწყობილი ჰორიზონტალური ნახევარსვეტებით მიღებული რელიეფები, რომლის ანალოგი ქართულ არქიტექტურაში მე არ ვიცი. გარდა ამისა, ნანგრევებს შორის ნაპოვნია სპირალურად “დახვეული” ნახევარსვეტების და ბურთულების რელიეფები, როგორც ჩანს გუმბათის სარკმლების მამკობი, ასევე სხვადასხვა სახის რთული წვნის ორნამენტების ფრაგმენტები, მცენარეული თუ გეომეტრიული. სავარაუდოდ მათი ნაწილი სწორედ გუმბათის ყელს ამკობდა, ანდა სარკმლებსა და კარნიზებს ეფინებოდა. ყველა ჩუქურთმიანი ქვა, რომლის ფოტოც ახლა ჩემს ხელთაა, საკმაოდ მაღალი ოსტატობით შესრულებული რელიეფის ნაწილებს წარმოადგენს. ორნამენტაციის მრავალფეროვნება კი იმის დასტურია, რომ ეკლესია მდიდრად ყოფილა გაფორმებული.

აღმოჩენილმა მასალამ კი სრულიად დაადასტურა ჩემი ვარაუდი, რომ ეკლესია არა მეცხრე-მეათე საუკუნეების, არამედ უფრო გვიანი პერიოდით, მეთერთმეტე საუკუნით უნდა დათარიღდეს, პერიოდით, როცა ქართული საეკლესიო აღმშენებლობის ოქროს ხანა იდგა.