Friday 18 May 2012

წინასწარი ცნობები მაჭახლის ევფრატისა და მისი სიძველეების შესახებ

აღნიშნული სტატია მოხსენების სახით წაკითხულ იქნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვ. ჯობაძისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე

სტატია დაიბეჭდა კრებულში "სპექტრი", თბილისი, 2008, გვ 31-36
Paper was published in Speqtri 2008, Tbilisi, 2008:31-36



Irene Giviashvili
Ankara

Preliminary notes on Evfrati and its Antiquities

The Gorge of Machahela was divided in between the Georgia and Turkey. Being a border region Turkish Machahela was closed for scholars or travelers. Legends and stories of the region and its heritage were retold by the Georgian historian Z. Chichinadze in late 19th c.
There were several medieval bridges in Khertvisi, Mindieti, Vatsieti and in Evfrat two places of old churches are also known. According the legends, the main church and most powerful ecclesiastical centre of the region was in Evfrati. The Church was almost destroyed in 19th c, but the new mosque building on the place of medieval Georgian Church was erected in 1958. The two curved stones typical to mid 10th c. of Tao-Klarjeti architectural school are reused at the entrance wall of the modern building; basement of the church and of the bell tower are still visible. Some other stones indicate that the building had  the murals and were covered with the stone roof tiles.
The number of well preserved dwellings and the well build spring, old terraces and the wine tree also indicates that the area was once an important settlement may be a monastic centre.
The name Evfrati is mentioned in medieval Georgian texts. The manuscript regarding the Machahela region due to the lack of information was regarded as a property of neighboring Tbeti Cathedral. The further research of the site and the manuscript may give more evidence to argue about the medieval ecclesiastical establishment of Evfrati and its antiquities.  



            ირინე გივიაშვილი
            ანკარა

წინასწარი ცნობები მაჭახლის ევფრატისა და მისი სიძველეების შესახებ


ორად გაყოფილი მაჭახელა დღეს თურქეთისა და საქართველოს საზღვრად დევს; თურქეთის მაჭახელასა და საბჭოთა (რუსიას, როგორც აქ ეძახიან) მაჭახელას შორის ყოველგვარი კავშირი აკრძალული იყო; ერთი თუ მეორე ქვეყნის მესაზღვრეები არც ვისმე მოგზაურს გაუხსნიდნენ კარს; ამიტომაც ხეობასა და მის არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე ფაქტიურად არაფერი ვიცით. ლიტერატურაში არსებულ ერთადერთ წყაროდ ზაქარია ჭიჭინაძის ცნობები რჩება 1, რომელმაც აქ XIX საუკუნის ბოლოს იმოგზაურა; მის ჩანაწერებში უამრავია ადგილობრივთა გადმოცემები თამარ მეფეზე, რომელიც, აქ, ხეობის ყველაზე მაღალ მთაზე _ თავკალოზე განისვენებს; ასევე ევფრატსა და მისი ეკლესიის დაქცევაზე; ამ გადმოცემების თანახმად ევფრატს იყო ეკლესია და ასევე `გაკეთებული იყო ერთი დიდი სასახლე", თამარის ბრძანებით გაყვანილი საურმე გზა კი ევფრატს კარჩხალის ხეობასთან აკავშირებდა.



შუა საუკუნეების ხიდი სოფელ ევფრატში
The medieval bridge in Evfrati village

ევფრატის გზაზე რამდენიმე ხიდი ყოფილა. მაგ: სოფლების მინდიეთისა და ხერთვისის ხიდები გასულ საუკუნეში განზრახ ჩაუქცევიათ; ევფრატის სიახლოვესაა ვაციეთის პატარა ერთთვლიანი კოხტა ხიდი; ევფრატში კი მოზრდილი, ასევე ერთთვლიანი ხიდია, რომელის გადაღმაც ადგილობრივთა ცნობით ეკლესია იდგა; ერთთვლიანი ხიდის ქვეშ დღეს სამანქანო გზა გადის; თითქოს ტრიუმფალურად გადაქცეული ამ თაღის გავლით შევედით ევფრატის დაკარგული და მივიწყებული ძველი ქართული რელიგიური კერის სანახებში;  ზაქარია ჭიჭინაძის თქმითა და გადმოცემის თანახმად თამარ მეფეს ევფრატის ეკლესიიდან მომდინარე "შუქ მფინარე ცეცხლი" უხილავს; ეკლესია მას დიდად არ მოსწონებია და კარგი ეკლესიის აგება მეზობელ ხერთვისში მოუსურვია. ევფრატის ეკლესიის სასწაულებრივი ძალით კი მშენებლებს ახალი ეკლესია ვერ აუგიათ, მაშინ მეფეს უბრძანებია_ "დარჩეს ისევ ისე ევფრატის ეკკლესია ამ ხეობის მცხოვრებ ქართველთა დედა ეკკლესიათ"-ო. 2
       შემაღლებულ გორაკზე, ყველაზე გამორჩეულ ადგილას ახლა მეჩეთი დგას. მეჩეთი ნაეკლესიარზეა აგებული. მიწის დონეზე დარჩენილი ორი გრძივი კედელი და განივი ფრაგმენტი ყველაზე თვალნათლივ მეჩეთის დასავლეთით იკითხება (კედლის სიგანე 1 მეტრია); თითქმის მთლად მიწაში ჩაფლული ფრაგმენტები ჩანს მეჩეთის სამხრეთით, და ერთიც მეჩეთისგან აღმოსავლეთით, ამჟამად აგებული დამხმარე სათავსის ძირში;
უნდა ვაღიარო, რომ ამ მდგომარეობით ეკლესიის გეგმარების აღდგენა ერთი შეხედვით შეუძლებელი მეჩვენა, თუმცა არსებული მონაცემებისა და ჭიჭინაძისეული გადმოცემებით ეკლესიის ტიპისა და მშენებლობის დროის დადგენა მაინც შესაძლებელი გამოდგა.

         ზ. ჭიჭინაძის თანახმად ეკლესია "სხალტის ანუ ტფილისის ანჩხატის ეკკლესიის გეგმით ყოფილა გაკეთებული. 5 საჟენი სიგანე ჰქონია და 7-8 საჟენი სიგრძე. ეს ცხადად სჩანს დღევანდლამდე დაშთენილ საძირკველის კედლებიდამ.... სამრეკლო აღმოსავლეთის კარის წინ ყოფილა და ქვეშ გასავლელი იყოვო". 3

         კარგად გათლილი ქვის ბლოკებს აქ ყოველ კუთხეში წააწყდებით: მათი მოხმარებითაა აგებული საცხოვრებელი სახლების კედლები; მუსლიმთა თავშეყრის ოთახის წინა კედელში გამოყენებული კარგად გათლილ ორ ქვას ოვალური ფორმა აქვს; რამდენიმე ქვის ბლოკს კი მყარად შერჩენილ ბათქაშზე მკრთალად სინგურის ნაკვალევიც ატყვია; XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ეკლესიის ფრაგმენტები ერთად ყოფილა მოგროვილი: `ზოგიერთი ქვები, რომლებსაც ნაწერები აქვს, აქვე ეკკლესიის გვერდით ყრიან, მხოლოდ ერთობ ძირს არის მოქცეულნი",  წერს ზ. ჭიჭინაძე. 4



ევფრატის მეჩეთის პორტალი, რომელიც ძველი ეკლესიის ქვებითაა გამოყვანილი 
Porch of the Evfrati Mosque, with the reused stones of the old Georgian Church



Curved stone of the Church 10th c კაპიტელის ქვა ძველი ეკლესიიდან (X ს-ის II ნახ)
 
ეკლესიის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები კი მეჩეთის სამხრეთი შესასვლელის გასამდიდრებლად გამოუყენებიათ; კარის ორივე მხარეს ძალზედ კარგად გათლილი კვადრებით ერთგვარი პილასტრებია აღმართული (ორივე მხარეს შვიდ-შვიდი რიგია), მათ ორი დიდი ერთნაირი კაპიტელის ქვა აგვირგვინებს (35X60სს). კიდეებში გამოქანდაკებული ორი ბურთულაა, რომელთა შუაც ქვის ბრტყელი ზედაპირია თხელი თაროთი დაგვირგვინებული; შემდეგ განიერი თაროა, რომელიც უწყვეტი ნახევარწრეებითაა შემკული (ყოველ მხარეზე ოთხ-ოთხი); განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მარჯვენა კაპიტელის ქვა, რომლის შიდა მხარეს ნახევარწრის ნახატი გრძელდება; ნახევარწრეები დაბალი რელიეფითაა გამოკვეთილი, მათ მკვეთრად წინ წამოწეული წრეთარგი და მის ზემოთ კიდევ თარო აგვირგვინებს, რაც კაპიტელს სიგანეში ანვითარებს და მას დასრულებულ იერს სძენს. კაპიტელების ზემოთ ძველი ქვების გამოყენებით თაღია გადაყვანილი, მშენებლებმა ქვების მხოლოდ ერთი ნაწილი გამოიყენეს, რის გამოც მას ქართული არქიტექტურისათვის უცხო, გახსნილი თაღის ფორმა მიეცა. ეკლესის ქვების მეჩეთის კედელში ამრიგად გადამწყობებს, ალბათ, ახსოვდათ, თუ რა პრინციპით იყო განლაგებული ცალკეული არქიტექტურული დეტალები ეკლესიის კედლებში და თითქოს შეეცადნენ კიდეც მათთვის ფუნქციური და ვიზუალური მნიშვნელობა შეენარჩუნებინათ; ძველი ქვები არ გაულესავთ და მხოლოდ ქვისფერივე ზეთის საღებავით შეუღებავთ.


ევფრატის კაპიტელის ქვა და მსგავსი მოტივები X-XI სს მიჯნის ქართულ არქიტექტურაში  
Evfrati impost and the same motifs from 10th-11th cc. Georgian Architecture
         ახლანდელმა ხოჯამ გვითხრა, რომ ეს ქვები ეკლესიის არაა, ის წინა მეჩეთიდან დარჩენილი დეტალებიაო, რაც, მხოლოდ ნაწილობრივ უნდა იყოს სარწმუნო; ქვები პირველივე მეჩეთში ჩაუტანებიათ, როგორც ჩანს ძველ ევფრატელებს საკუთარ წარსულთან განშორება უჭირდათ; ამაზე ხომ ზ.ჭიჭინაძეც მოგვითხრობს: "გათათარების შემდეგ.... ეკკლესიების ქცევა-ნგრევაც შემოუღიათ. ძალას ატანდნენ, რომ ეს ეკკლესია თვით ქართველთა ხელით დაქცეულიყო.. ბევრნი ... მწარედ სტიროდნენ და ქვითინებდნენ, ხმა-მაღლა ჰყვიროდნენ: "ევფრატს აქცევენ, ღმერთო, ევფრატს აქცევენ!"5  როცა მაჭახელა "გათათრებულა" და ევფრატს ეკლესია დაუნგრევიათ, იმ კედლის დატოვება მოუხერხებიათ, საიდანაც ლეგენდის თანახმად ნათელი ამოდიოდა, ზ.ჭიჭინაძის დროს ეს კედელი ჯერ ისევ მდგარა. მოგვიანებით, როცა შიში ევფრატის წინაშე დაკარგულა, კედელი დაუშლიათ და ახალი მეჩეთი აღუმართავთ; წარწერა მეჩეთის შესასვლელში ამ თარიღსაც გვამცნობს _ 1958წ.;
        ნაეკლესიარის მიდამოებში კიდევ ერთ საინტერესო ფილას წავაწყდით, რომელიც ქვის ლორფინს წარმოადგენდა;
         აი, ეს იყო ძირითადად რაც ჩვენ ნაეკლესიარის ადგილას დაგვხვდა, თუმც, "ეკკლესიის გვერდით ძლიერ ბევრი სახლები ყოფილა ძველად"-ო ამბობს  ზ. ჭიჭინაძე. ამწვანებულ ტერიტორიაზე ერთი შეხედვით არაფერი ჩანდა, მაგრამ ევფრატელი ხოჯა ტერასებად გაშენებულ ფერდზე ჩამოყრილ სუროს დროდადრო გადაყრიდა და ნათალი ქვით ნაგებ თაღოვან ოთახებს გვიჩვენებდა. ასეთი ოთახი, ალბათ, ათიოდე ვნახეთ. ყველა მათგანის უკანა კედელი გულმოდგინებით იყო ნაშენი, ხოლო კამარები უფრო უხარისხოდ ნათალი ქვით, დამჭერი თაღების გარეშე. ერთ-ერთ ოთახს წინა კედელიც დარჩენია და ნახევრად მიწაში ჩაფლულ კარს ანტაბლემენტის დიდი ქვაც ადგას. ფერდის ძირას კიდევ ერთი საინტერესო ნაგებობაა შემორჩენილი, რომელსაც ადგილობრივები დღემდე `თამარის წყაროს" ეძახიან; წყაროს კედელი დიდი და კარგად ნათალი ქვის კვადრებითაა ნაგები, კედელს ერთი ქვის ზომის ნიშა აქვს. აქ პატარა აუზია გამოკვეთილი ერთ დიდ ლოდში; წყაროს კედლის ზედა ნაწილი კი, როგორც ჩანს, მოგვიანებით არის აღდგენილი, წყობაც უსწორმასწოროა და უხარისხო; წყალი ხევში ჩაედინება და წინ მდომ ხეზე შეფენილ ვაზს რწყავს, რომელიც წინაპრების ვენახებიდან არის გადარჩენილი;



ძველი წყარო ევფრატში Old Spring in Evfrati



       ეს ერთგვარად ფრაგმენტული მონაცემები გარკვეული წინასწარული დასკვნების გაკეთების საშუალებას მაინც იძლევა:








1. აქ იყო შუა საუკუნეების ქართული დასახლება, განვითარებული ინფრასტრუქტურით: ხიდებით, ზედა და ქვედა ეკლესიებით, სახცოვრებელი უბნით, სადაც არის წყარო და მეურნეობაც ყოფილა;

2. საეკლესიო ცენტრი რანდენიმე ნაგებობისაგან შედგებოდა: დაზუსტებით იყო ეკლესია და მის აღმოსავლეთით სამრეკლო; სამრეკლოს პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენდა, რაც სრულიად შეესაბამება საქართველოში დამკვიდრებული სამრეკლო-კარიბჭის არქიტექტურას. ამ ცნობას ისიც ამყარებს, რომ ნაეკლესიარის ეზოში მისასვლელი გზაც სწორედ აღმოსავლეთიდან მიდის;

3. ეკლესია კარგად ნათალი ქვის კვადრებით დუღაბზე იყო ნაშენი; ეკლესია ან სამრეკლო ქვის ლორფინით ყოფილა დაბურული;


ეკლესიის კედლის ფრაგმენტი მეჩეთის დასავლეთით 
Fragments of the church wall on the west of the mosque

4. ეკლესია უგუმბათო იყო. ზ. ჭიჭინაძე ევფრატს სხალთისა და თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ტიპს უწოდებს. ამ დაკვირვებას ამყარებს აგრეთვე გადმოცემა, რომლის თანახმადაც ეკლესია არ იყო შესაფერისი არქიტექტურულად `დედა~ ეკლესისათვის და რის გამოც უფრო დიდებული ეკლესიის აგებაც კი განუზრახავთ მეზობელ ხერთვისში. თუ ლეგენდას ნაწილობრივ მაინც დავუჯერებთ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უფრო დიდებულ ტაძრად გუმბათიან ეკლესიას მიიჩნევდნენ. რაც შეეხება იმას, ეს სხალთის მსგავსად დარბაზული ტაძარი იყო, თუ თბილისის ანჩისხატის მსგავსად ბაზილიკა, ვფიქრობ, რომ პირველი ტიპი უფრო შეეფერება დღეს წარმოდგენილ ფრაგმენტებს, რადგან აქ გაჭირვებით, მაგრამ მაინც იკითხება ორი პარალელური გრძივი კედელი; ამტომ სავარაუდებელია, რომ ეს იყო ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით სამხრეთით მინაშენი ჰქონდა, შესაძლოა ჩრდილოეთითაც, მაგრამ ამის დაბეჯითებით თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია;

 5. რაც შეეხება ეკლესსის თარიღს, ჩემი აზრით, მისი მშენებლობის ერთ-ერთი ეტაპი X ს-ის II ნახევარს მიეკუთვნება; რაც ჩვენს ხელთაა, ის ამ თარიღის დასმის საშუალებას გვაძლევს. პირველ ყოვლისა, ორი კაპიტელი, მონუმენტური, მასიური ნაქანდაკევი, მკვეთრად ამჟღავნებს ამ მკაფიოდ ჩამოყალიებებული და უთუოდ გამორჩეული პერიოდის ნიშნებს. დეტალების გაფორმებით, პლასტიკური დამუშავებითა და პროპორციული შეფარდებით ის ოშკის, ოთხთა ეკლესიის, ხახულისა და ქუთაისის `ბაგრატის~ რელიეფების მსგავსია. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ეს ოშკის კაპიტელების თარგზეა გამოკვეთილი  ამგვარი მოტივებით აწყობილი კაპიტელები მრავლად გვხვდება ოშკის თითქმის ყველა ფასადზე, განსკუთრებით მრავლადაა აღმოსავლეთის ხუთმაგი თაღედის პილასტრების გვირგვინად, ასევე ინტერიერშიც, მაგ., დასავლეთ მკლავში, გუმბათქვეშა ბურჯების დამაგვირგვინებლად, მხოლოდ აქ სხვა პროპორციაა; სამხრეთით არსებულ კარიბჭის კედლისპირა კაპიტელი ასევე ოთხი დაკიდული ნახევარწრითაა გაფორმებული და პირდაპირ ორ შეწყვილებულ ლილვს აგვირგვინებს; ასევე ოთხი ნახევარწრე ამკობს სამხრეთ გალერეის შიდა პილასტრის კაპიტელს;
          მსგავსი მოტივი გვხვდება ასევე ხახულის სამხრეთი ფასადზე მდებარე შეწყვილებული სარკმლის მოჩარჩოებაშიც, მხოლოდ აქ ფორმები უფრო გართულებულია და დაწვრილმანებული; ფორმათა მსგავსს წყობას ვხვდებით ქუთაისის ბაგრატის ტაძრისა და ოთხთა ეკლესიის დეკორშიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ოთხთაში არა პილასტრის გვირგვინად, არამედ აფსიდისწინა ნახევარსვეტების ბაზისად გვევლინება ის.

ჩვენთვის უცნობია, სად და რაგვარად იყო გამოყენებული ეს რელიეფური ფილები ევფრატის ეკლესიაში, ინტერიერს თუ კარიბჭეს ამკობდა, კაპიტელი იყო თუ ბაზისი; ვფიქრობ, რომ ეს ქვები ორიგინალში რომ ბაზისები ყოფილიყო, მაშინ მათი კაპიტელებად მორგება მეჩეთის მშენებლებს ნამდვილად გაუჭირდებოდათ;

6. ძეგლის ადგილმდებარეობაც შენების აღნიშნულ ეტაპზე, X ს-ის II ნახ.-ზე მიუთითებს, ის ხევის ყველაზე გამორჩეულ ადგილას იდგა, ნაეკლესიარზე აგებული მეჩეთი დღესაც საკმაოდ შორიდან, სოფელ ქვაბისთავიდანაც კარად მოსჩანს; ადგილის ასეთი შერჩევა არც ადრეული VIII-IX სს-ისთვის არის დამახასიათებელი, როცა ტაძარი ბუნებრივად უნდა ყოფილიყო დაცული  და არც მოგვიანო თამარის ხანისათის, როცა ეკლესიისათვის ტყეში ჩაძირულ წალკოტებს ირჩევდნენ;

7. ეკლესია მოხატული ყოფილა;

8. ტაძარს ჰქონდა წარწერები;

9. როგორც სჩანს, ევფრატი საკმაოდ ძლიერი სალოცავიც ყოფილა, რადგან მისი დაქცევით მრავალი კაცი მომკვდარა და დასნეულებულა;

10. არქიტექტურული ნაშთებისა და არსებული ლეგენდების თანახმად ირკვევა, რომ სწორედ აქ მდებარეობდა მაჭახელის ხევის დედა ეკლესია -ევფრატის საეკლესიო ცენტრი; ისმის კითხვა ეს საერო დასახლების ეკლესიაა თუ სამონასტრო კომპლექსი; არქიტექტურული ნაშთები არქეოლოგიური კვლევის გარეშე ამ კითხვაზე პასუხს არ გვაძლევს. ამ კითხვაზე პასუხი სასულიერო ლიტერატურაში უნდა ვეძიოთ. დასადგენია, სად, რა სახით, როდის და რა კონტექსტში მოიხსენიება  ევფრატი ან ვინმე ევფრატელი.

ძველი შენობების ნაშთები ევფრატის ნაეკლესიარის სიახლოვეს
Remains of the old dwellings near the old church building in Evfrati

ძველი შენობების ნაშთები ევფრატის ნაეკლესიარის სიახლოვეს
Remains of the old dwellings near the old church building in Evfrati
11. პ. ინოროყვა "გიორგი მერჩულე"-ში 6  ახსენებს "მიჭიხიანის ხევის სულთა მატიანე"-ს; ეს თხზულება სამეცნიერო ლიტერატურაში `ტბეთის სულთა მატიანე"-ს   სახელითაა ცნობილი; 7 ხელნაწერი შეისწავლა და გამოსცა თინათინ ენუქიძემ, რომელმაც უცნობი მონასტრის დავთარი ტბეთის საეპისკოპოსოს კუთვნილებად აღიარა, რამეთუ მისთვის უცნობი იყო რაიმე საეკლესიო ცენტრი მაჭახლის ხეობაში; ამ თხზულებისათვის დამახასიათებელი და ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თხზულება მოიხსენიებს მხოლოდ მაჭახლის ხეობის ტოპონიმიკას და არსად არის ნახსენები შავშეთის ანდა ტბეთის ტოპონიმიკა.

12. "ტბეთის სულთა მატიანეს", XII-XIII სს-ით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ "ყ(ოველ)თა ევფრატით შემომწირვ(ე)ლთა შ(ეუნდვნე)ნ ღ(მერრთმა)ნ" 8,  რაც გვამცნობს, რომ ამ დროისათვის ტოპონიმი უკვე დასტურდება;



ცხადია, ზევით მოტანილი მასალა მხოლოდ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევს. მათზე პასუხის მოსაძებნად კი ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევაცაა აუცილებელი და არქეოლოგიურიც. გასარკვევია, საიდან გაჩნდა თვით სახელწოდება `ევფრატი~- სპარსული სიტყვიდან მოდის თუ ბიბლიური მდინარის სახელიდან; დასადგენია მართლაც აქაური ხომ არ არის ე.წ. "ტბეთის სულთა მატიანე"; აქაური მხატვრული თუ ისტორიული ნაშთებიც გამოსავლენია და, იქნებ, აქაური წარმომავლობის რაიმე ნივთი თუ ხელნაწერიც აღმოჩნდეს სადმე.

***

◦ მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ თემო ჯოჯუას ევფრატის შესახებ სასულიერო მწერლობაში დაცული ცნობების მოძიებისათვის და იმ საინტერესო მინიშნებებისათვის, რომლებზედაც ქვევით ვისაუბრებთ.

1  ზ. ჭიჭინაძე, ევფრატისა და იმერხევის გამაჰმადიანება. თამარ მეფე და ევფრატის ტაძარი (ნაამბობი ევფრატელ ცეცხლაძისაგან), ქართველთა გამუსლიმება, თბილისი, 2004, გვ.51-56;

2 იქვე;

3 იქვე. ეს ინფორმაცია ჭიჭინაძისათვის აქაურ მამასახლისს ტყიბორიძეს მიუწოდებია.

4 იქვე;

5. იქვე, გვ 54

6.  პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ. 1954, გვ. 96

7. ტბეთის სულთა მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თინა ენუქიძემ, თბილისი, 1977

 8. იქვე, კეფი XIVრ, 181, გვ. 82