Monday 4 December 2006

ავნევი, პატარა ეკლესია ცხინვალის ახლოს

ირინე გივიაშვილი
ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


სოფელ ავნევის ეკლესია


სოფელი ავნევი ცხინვალის დასავლეთით მდებარეობს. უწინ ის ზნაურის რაიონში შედიოდა, ამჟამად კი ქარელის ადმინისტრაციულ ცენტრს ექვემდებარება. სოფელი ოსური გარემოცვასა და რუსული სამხედრო ნაწილებს შუა დარჩენილი ქართული ოაზისია, სადაც მუშაობს ქართული სკოლა და ჟამისწირვა ქართულ ენაზე აღევლინება .
ავნევი ფრონის წყლის პირზეა გაშენებული. ისტორიულად მას ყორნისის ხეობა ეწოდება. ყორნისი ქართლის სტრადეგიულ მხარეს წარმოადგენდა, აქედან პირდაპირ გადადიოდა ორი სხვადასხვა გზა დასავლეთ საქართველოში _იმერეთში; ყორნისის ხეობაში განლაგებული იყო რამდენიმე მნიშვნელლოვანი ციხე-კოშკიც: ყორნისისა და წორბისის კოშკები, ავნევის ციხე, ნულის ციხე და სხვ . ვახუშტის თანახმად, ამავე მხარეში საეკლესიო მამულებიც ყოფილა სადაც ათონის მთიდან მოსული ბერძენი მონაზვნები მოღვაწეობდნენ.
ისტორიულ წყაროებში ავნევში ეკლესიის შესახებ ცნობები არ არის დაცული. მას არც ვახუშტი ახსენებს. სოფელი ავნევი გვხვდება ომან ხერხეულიძის თხზულებაში, `ცხორება ერეკლე მეფისა~ , სადაც მოთხრობილია ამბავი დაღესტნელი ბელადის კოხტასა და მისი სარდლის ჩონჩოლ-მუსას შემოსევების შესახებ ლიახვის ხეობაში. მემატიანის ცნობით, 1759 წელს ამ უკანასკნელს სოფელი ავნევიც კი აუღია, მაგრამ, როგორც ჩანს ამ წელს აქ ომი არ გამართულა. დაღესტნელთა ჯარი ჯერ დვანს გადასულა, შემდეგ კი, რაც სამი ქართველი მეფე _ ერეკლე, თეიმურაზი და იმერეთიდან მათ დასახმარებლად გადმოსული მეფე იმერთა სოლომონი _ ლაშქრით საომრად მისდგომია, ლეკები ღამით უჩუმრად გაპარულან.
ავნევი დიდი სოფელი ყოფილა, 1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით აქ ოცდათხუთმეტი კომლი ცხოვრობდა.
სოფელ ავნევში რამდენიმე ეკლესია ყოფილა . ყველაზე უკეთ ღმრთისმშობლის შობის ეკლესია შემორჩა. ეს საკმაოდ პატარა ტაძარი, დაბალი გუმბათით დაგვირგვინებული, გზის პირას დგას, მის გარშემო კი პატარა სასაფლაოა გაშლილი (სურ.1). 1924 წლისათვის ავნევის ეკლესიას ციხე-გალავანი ჰქონია, რომლის კვალი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.
საკვირველი კი არის, ხოლო სინამდვილეა: ეკლესიის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობები თითქმის არ მოიპოვება, იგი არც უძრავ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. არც უკანასკნელ ხანს გამოცემული შიდა ქართლის არქიტექტურული მემკვიდრეობის გზამკვლევები გვამცნობს რასმეს; ავნევის ეკლესია ეკლესიის არსებობა მხოლოდ გასული საუკუნის 40-იანი წლების სამხერდრო რუკაზეა აღნიშნული; ერთადერთ ცნობად შეგვიძლია მივიღოთ ვ. გოგოლაძის წიგნი `სოფელი ავნევი,~ სადაც სოფლის ეკლესიის შესახებაც არის საუბარი, თუმცა ძალზე ზოგადად და ი. მეგრელიძის წიგნი `სიძველეები ლიახვის ხეობაში~, სადაც პატარა თავი ეთმობა ეკლესიისა და მის გვერდით დადებული საფლავის ქვის წარწერის აღწერილობას. წიგნში გამოქვეყნებულია ავნევის ორი ფოტო _ ეკლესიის დასავლეთი ფასადის ნაწილი შელესვამდე (სურ. 44) და სარკმელი რელიეფური თავსართით ასევე დასავლეთ ფასადზე (სურ, 46). სტატიაში აღნიშნულია, რომ აქ წარწერები არ ჩანს . უკანასკნელ ხანს კი ავნევის რელიეფები დირბის რელიეფებთან კავშირში განიხილა გ. გაგოშიძემ , რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ეკლესია მარტივი ტრიკონქის ტიპისაა. ტაძრის გარეთა ზომებია 9.20X10.65. ტაძარი რუხი მოყვითალო და ღვინისფერი ქვითაა ნაშენი, გუმბათი, კი, რომელიც აგურისაა, დღეს მთლაიანად შელესილ-შეთეთრებულია (ნახ.1).
ინტერიერს სამი აფსიდი და შედარებით დაგრძელებული (დაახლოებით ერთი მეტრით) დასავლეთი სწორკუთხა მკლავი ქმნის. აფსიდები ფართოა, მათი სიგანე სიღრმესაც კი აღემატება, ასე რომ აფსიდური მკლავების მოხაზულობა სრულ ნახევარწრეს არ შეადგენს. სწორკუთხა და აფსიდური მკლავები ერთმანეთთან ისეა დაწყობილი, რომ მათ შორის `მართი~ კუთხე იქმნება; რადგან კედლები დაბრეცილია, კუთხეთა ზომები და ფორმები სხვადასხვა დონეებზე ცვალებადია. სივრცე ერთიანია, არც პილასტრებითაა დაყოფილი და არც თაღებით, კედლები გლუვია და სადა. საკურთხევლის აფსიდში ორი მომრგვალებულთაღიანი მცირე ზომის ნიშაა, რომელთაგან ჩრდილოეთისა სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებს.
მკლავების კუთხეებში იატაკის დონიდან დაახლოებით 3. 4 მ-ის სიმაღლეზე, კონქებისა და თაღების მრუდის ძირში, სადა ორსაფეხურიანი კარნიზებია გამოყვანილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასასვლელად აფრები გამოიყენება (სურ.4). ისინი ზემოაღნიშნულ კარნიზებამდეც არ ჩამოდის, არამედ კედლის სქელ ფენასავით არის გადმოკიდებული და გუმბათის ყელს ამდაგვარად ავიწროვებს. მათი კიდეები სხვადასხვა დონეებზე მდებარეობს და ფორმებიც უსწორმასწოროა. არ არსებობს სარტყელი, რომელიც გუმბათის ყელს დამჭერი კონსტრუქციისგან გამომიჯნავდა, ამიტომ გუმბათის სფერო ჯერ მოკლე ყელად გადაიზრდება, მერე კი მკლავებს შორის `ჩამოედინება~.
დაბალ და მრგვალ გუმბათის ყელში სარკმლის ოთხი ღიობია. უცნაურია ამ სარკმლების ადგილმდებარეობაც _ ისინი მკლავების შესაბამისად კი არ არის ორიენტირებული, არამედ პირდაპირ აფრებს ზემოთ არიან ჩაჭრილნი.



დასავლეთი მკლავი ცილინდრული კამარითაა გადახურული და დასავლეთ კიდეში ვიწრო თაღითაა გამაგრებული (სურ.5). ყველა კონქი და თაღი (იქნება ეს აფსიდისწინა, დასავლეთი მკლავის თუ კარის თაღოვანი დაბოლოება) ნახევარწრიული მოხაზულობისაა, მაგრამ მათი ფორმები მეტწილად უსწორმასწოროდ არის გამოყვანილი. ამ შთაბეჭდილებას ერთიორად ამძაფრებს კედლებისა და დეტალების (კარნიზები, თაღები) ცუდი ნალესობა.
ინტერიერს გუმბათის ოთხი სარკმლის გარდა, კიდევ სამი სარკმელი ანათებს _ თითო-თითო აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით; კარი ორია, ორივე დასავლეთ მკლავში _ ერთი დასავლეთ კედელში და ერთიც სამხრეთი მკლავის კიდეში, როგორც ეს თითქმის ყველა ქართულ ტრიკონში გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესიას მთავარი მისასვლელი მხარე ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს, ტაძარში შესასვლელი მთავარი კარიც დასავლეთიდანაა, იგი სამხრეთით გაჭრილ კარზე ოდნავ დიდია და მაღალიც. საკურთხეველში ძველი ხის იატაკია დარჩენილი, სხვაგან კი ახლადდასხმული ცემენტია; სოლეა და ამბიონის ქვა ახლა მხოლოდ ნახევარი საფეხურით არის ამაღლებული.
გუმბათი ყელითურთ, აფრები და აფსიდის კონქი ახლა ცისფრადაა შეღებილი და წვრილი ოქროსფერი ვარკვლავებით მოხატული (სურ.4).
ინტერიერის ჯვარგუმბათოვნება პირდაპირ აისახება გარე მასებში, თუმც კი სამაფსიდიანობა აქ მთლიანად შენიღბულია _ ოთხივე მკლავი სწორკუთხედში იწერება (სურ.1-3).
ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული (სურ.12). ქვის ზომები სხვადასხვაგვარია, არის მცირე, საშუალო ზომის და დიდი ლოდები, რომელთა სიგრძე 1 მ-საც კი აღწევს. დღეს კედლების ზედაპირი მთლიანად მოსწორებულია, თუ სადმე საპირე ქვა არ არის, ის ადგილები გადალესილია. პერანგის სისქეზე წარმოდგენას მხოლოდ ძველ ფოტოზე ერთი ამოვარდნილი საპირე ქვის ბუდე მეტყველებს _ პერანგის ფილები საკმაოდ თხელი ყოფილა. კედლის მთელი მასივი დუღაბითაა ამოვსებული (კედლების სისქე 80 სმ-ია). ქვები ისეა დალაგებული, რომ ერთი სწორი რიგიც კი არ იქმნება. ქვათა უმრავლესობა ჰორიზონტალურად დევს, მაგრამ ოსტატი არც ვერტიკალურად აღმართვას თაკილობს.
გუმბათს საკმაოდ დაბალი ყელი და კონუსური ფორმის თანამედროვე საბურველი აქვს. იმის გამო, რომ გუმბათის ყელიცა და მისი დამჭერი კონსტრუქციებიც ახლა მთლიანად გალესილია, შეუძლებელია დღეს რაიმეს დაბეჯითებით გამორკვევა, მხოლოდ ეკლესიის შებათქაშებამდე, გასული საუკუნის 80-იანი წლებში გადაღებული ფოტო (სურ.2) გვაძლევს გარკვეულ ინფორმაციას გუმბათის ტექნიკური შესრულების შესახებ: გუმბათქვეშა კონსტრუქცია ქვითაა ამოყვანილი; გუმბათის ყელი კი აგურის. გაირჩევა ორნაირი ფორმის და ორი სხვადასხვა პერიოდის აგური. ქვედა აგური თხელია და სწორ რიგებად ეწყობა, ამ წყობითაა ამოყვანილი გუმბათის ყელი სარკმლების ჩათვლით და დაახლოებით შვიდი რიგი მის ზემოთ. შემდეგ მოჩანს სამშენებლო ნაკერი და აგურის ზომა და ფორმა იცვლება. აგური უფრო სქელია და მოკლე (ამ აგურით დაახლოებით 12 რიგი ინდა იყოს დაწყობილი). სხვადასხვა დონეებზე სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის გამოყენება ცხადყოფს, რომ გუმბათის გარკვეული შეკეთებები ჩატარებულა, რაც ძირითადად გუმბათის სფეროს დონის აღდგენას გულისხმობს. მაგრამ ვგონებთ, რომ მისი ზოგადი მოხაზულობა და აგებულების თავისებურება აღდგენის დროს შენარჩუნებულია.
ფასადები რელიეფებითა და სხვადასხვა დეკორატიული სართავებითაა შემკული. რელიეფები ორ ჯგუფად განიყოფა, რომლებიც შემდეგნაირად შეიძლება დავახასიათოთ _ ფიგურულ (სურ.6-7) და გეომეტრიულ-სახიანი (სურ.8-16). თავდაპირველად განვიხილავთ ოთხივე ფასადს და აღვწერთ მათზე მოთავსებულ რელიეფებს, რომელთა ნაწილი აშკარად არ დევს თავის თავდაპირველ ადგილას, ხოლო შემდგომ შევეცდებით მათი ამ ნაგებობასთან კუთვნილების დადგენას.
მთავარი აქ დასავლეთი და სამხრეთი ფასადებია (სურ.1-3). მათი ხაზგასმა ავნევის ეკლესიის ავტორმა ერთი `მხატვრული~ მეთოდით სცადა, სახელდობრ, გაავლო ჰორიზონტალური კოზმიდი და ეს გარე კედლები ფაქტიურად შუა წელზე გადასერა. ორი თანაბარი მოხაზულობის შეწყვილებული ლილვი კედლის ზედაპირიდან ყველა სხვა დეტალზე ბევრად შესამჩნევადაა ამობურცული. კოზმიდი დასავლეთისა და სამხრეთი კარების თავზე გადის, დასავლეთი სარკმელი პირდაპირ მასზეა `დამჯდარი~, სამხრეთი მკლავის პირზე კი მას სარკმელი ჭრის. უკანა კედლებზე ეს სარტყელი უბრალოდ შუა გზაზე წყდება. უთუოდ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი აღარ წარმოადგენს `ღირებულ~ ფასადს (სურ.1,3).
ეკლესიას პორტიკები ან პორტალები არ ჰქონია. მხოლოდ თხელი, ფორმით მეტად უსუსური ორმაგი ლილვი მოხაზავს კარის წირთხლებსა და მის თაღოვან დაგვირგვინებას. ეს ლილვები არაფერს ეყრდნობა, განზე გადის და `დაუმთავრებლად~ წყდება (სურ.15). დასავლეთ კარს ტიმპანის ქვა ედგმის, რომელზედაც სადა ჯვარია გამოქანდაკებული, ახლა თეთრი საღებავით დაფერილი (სურ. 14).
დასავლეთი ფასადის კიდეები ზედა ნაწილში ორი ერთმანეთის მსგავსი ხვეული ნახაზით აღინიშნება (სურ. 12). `ლილვები~ თითო ხვეულს აკეთებს, კარის ლილვების მსგავსად, ძირისა და დაბოლოების გარეშე (მსგავსი ხვეულები ამკობს სამცხის ბიეთის ეკლესიის გუმბათის ყელსაც). კვეთა იმდენად დაბალია და გლუვი, რომ თვალისათვის ისინი თითქმის შეუმჩნეველი რჩება . სამხრეთ-დასავლეთი კედლის კუთხეს მომრგვალებული ლილივისმაგვარი წიბო აქვს გამოყვანილი. ისიც მხოლოდ ჰორიზონტალური კარნიზის ქვევითაა, ზემოთა არეში კი, რომელიც თვალისათვის უხილავია, კუთხე დამუშავებული აღარაა. ეს მოტივი, მხოლოდ კუთხის მთელს სიგრძეზე, ადრე შუა საუკენეებიდან მოდის (მაგ., მეზობელი ნიქოზის მთავარნგელოზის ეკლესიის (Xს.) კუთხეებსაც ამკობს ,) და გვიან შუა საუკუნეებში XVII-XVIII საუკუნეების ქვის ეკლესიებისათვის არის ნიშანდობლივი (მაგ., ტბისი, ერედვი, ტანძია, ანანურის ღვთისმშობელი ).
თხელი და სუსტი სარტყლებია შემოვლებული სარკმლებს გარშემოც (სურ.13). შედარებით `მდიდრულადაა~ გაფორმებული მთავარი _ დასავლეთი ფასადის სარკმელი (სურ.6). დასავლეთი ფასადის სარკმელს ამჟამად რელიეფური ქვა აგვირგვინებს. აქ ქრისტეს ნათლისღების სცენაა. კომპოზიცია ერთ მთლიან ქვაზეა გამოკვეთილი, რომელსაც არათანაბარი ფორმა აქვს. მას სქელი ჩარჩო აქვს შემორტყმული, ქვის ზედა ნაწილი, როგორც ჩანს მოტეხილია, რადგან ჩარჩო აქ აღარ იკვრის. ეს ფილა რომ სარკმლის ზედანი იყო, ამას ფილის წრიულად შეკბეჩილი ძირიც მოწმობს, მაგრამ იგი რომ ამ ადგილს ხელოვნულად მოარგეს, ამას რელიეფის განზრახ წაჭრილი ზედა ნაწილი და ქვის წყობაც ადასტურებს. კომპოზიცია სარკმლის თაღოვან არეს აქეთ-იქეთ არის განაწილებული. აქ სამი მთავარი ფიგურაა, იესო ქრისტე, იოანე ნათლისმცემელი და ანგელოზი, მდინარე იორდანის მანიშნებელი ოთხი თევზი, სულიწმინდა და კიდევ რაღაც ოთკუთხედი თევზის პირთან. სამივე ფიგურა შარავანდედმოცული გამოისახება. მარცხენა ნაწილში წარმოდგენილია ყველაზე დიდი და მთელს სარელიეფო სივრცეზე გაბატონებული იონე ნათლისმცემლის ფიგურა, რომელიც ოდნავ დახრილად არის გამოსახული, ხელის მოძრაობით კი იჭრება კომპოზიციის მარვჯენა ნახევარში. იონე ნათლისმცემელს სადა კაბა აცვია, არა სჩანს მისი სამოსის ატრიბუტი _ ბეწვი. კაბის ქვეშ ფეხები მოუჩანს; ნათლისმცემელს საკმაოდ გრძელი ხელები აქვს, ცალი მუცელზე უდევს, მეორეთი კი ქრისტეს `წყალს აპკურებს~. აქვეა გამოსახული სულიწმინდა ჩიტის სახით, რომელიც საუკეთესოდ არის ნაქანდაკევი. იოანეს ეს ხელი იმდენად არის დაგრძელებული, რომ გეგონება ფიგურას ორი იდაყვი ჰქონდეს. ნათლისმცემლის დინამიური ფიგურისაგან განსხვავებით შუა წარმოდგენილი იესოს ფიგურა სტატიურია და უსუსური, კიდურები მოკლე და უფორმო აქვს. შიშველ იესოს ორი ძალზედ პატარა ხელი წინ აქვს დაშვებული. ის მხოლოდ ოდნავაა გადახრილი ნათლისმცემლისაკენ. გადმოცემის ამგვარი ხერხით რელიეფის ოსტატმა იესოს მორჩილებისა და ნათლობისას მიღებული განწყობის გადმოსცემა შესძლო. მის მარჯვნივ გამოსახული ფიგურა ანგელოსისა იესოზე უფრო მოზრდილია, მას თითქოს ორმაგი მოსასხამი მოსავს, რაც ამავე დროს შეიძლება უკან გადაყრილი ფრთების გამოსახულებაც იყოს. ანგელოზს ხელში პატარა სურა უჭირავს. ანგელოზის ფიგურა ცენტრისკენ არის მიმართული. თუმც სამივე ფიგურას სახე ფრონტალურად გამოისახება. სამივეს ოდნავ ოვალური ფორმის პირისახე აქვს, მსგავსად დამუშავებული, განყენებული გამომეტყველებით, მხოლოდ თვალები და ცხვირი, პირის გარეშე. სამივეს კისრები უჩანს და შარავანდები ადგათ. რელიეფი ბრტყელია და მოუქნელად დამუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ ფიგურები ერთმანეთთან პლანებად ლაგდება, მოცულობითობა არ მიიღება.
როდესაც პირველად ავნევი განვიხილე, ფიგურული რელიეფები ამ ტაძრის კუთვნილებად ჩავთვალე, რაც საეჭვოდ ეჩვენა ჩემს კოლეგას ბატონ გიო გაგოშიძეს. მოგვიანებით მან ავნევის ეს რელიეფები დირბის ეკლესიის რელიეფებთან კავშირში განიხილა. იგი თვლის, რომ ეს `ბრტყელი~ რელიეფები შიდა ქართლის X ს-ის რიგი ძეგლების ტიპიური სტილის ნიშნებს შეიცავს~ და ამდენად რელიეფებს ადრე შუა საუკუნეების კუთვნილებად მიიჩნეს. იგი პარალელს ავლებს დირბის დათარიღებულ რელიეფსა და ავნევის საქტიტორო რელიეფზე წარმოდგენილ სიცოცხის ხის გამოსახულებას შორის, რაზედაც ქვემოთ შევჩერდებით. ხელოვნებათმცოდნე თ. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმა და მოჩარჩოება ქვის ფილისა მხოლოდ IX, შესაძლოა X ს-ისთვისაც იყოს დამახასიათებელი.
დასავლეთის ფასადზე, რელიეფის ქვეშ სარკმელს ასევე ხელოვნურად აქვს მორგებული საპირე ქვებიც; მისი მარჯვენა და მარცხენა მონაკვეთები სიმეტრიული არ არის _ იგი გადაწყობილი ჩანს. სამი ფილისაგან აწყობილი ორმაგი ჩარჩოს შიგნით სარკმელს ორსავ მხარეს გეომეტრიული ორნამენტი მიუყვება. ჩუქურთმა ბრტყელია, მისი ხვეული ნახატი მხოლოდ სუსტი ნაკაწრით მოიხაზება. საპირე მუქი ფერის მოწითალო-მოყავისფრო ქვაზეა გამოკვეთილი და საერთო მონაცრისფრო-მოყვითალო ფონზე მკვეთრად გამოირჩევა.

დასავლეთ ფასადზე ამ კომპოზიციის ზემოთ კიდევ ერთი რელიეფური ფილაა ჩასმული (სურ.8); რელიეფზე გოლგოთის ჯვარია გამოსახული, ზემოდან თაღშემოვლებული და ჩაწერილი უცნაური აგებულების ნახატში. ადგილობრივების თქმით, აქ ეკლესიაა გამოქანდაკებული. ეს რელიეფი სამკუთხა ფილაზეა გამოსახული _ როგორც ჩანს, ის ფრონტონის ძირში უნდა იჯდეს. რელიეფი უხეშია, ჭრის ხარისხი დაბალია, ფორმა მსგავსია სარკმელთა და კარის ღიობთა ჩარჩოებისა. დასავლეთი ფასადის ზედა კიდეში, ფრონტონის ქვეშ, ჩადგმულია კიდევ ერთი წაწვეტებულთავიანი ფილა, რომელზედაც სადა ჯვარია გამოკვეთილი (სურ.9). ნახაზი მარტივია და ის ტიმპანის ქვის ჯვარს ჰგავს. როგორც ვხედავთ, დასავლეთ ფასადზე, ერთმანეთის თავზე ჯვრის სამი გამოსახულებაა.
ეკლესიას კიდევ რამდენიმე რელიეფური ქვა ამკობს. სამხრეთი მკლავის დასავლეთ კედელში მეორე ფიგურული კომპოზიციაა ჩასმული (სურ.7). ფილა ოთხკუთხა ფორმისაა (60X70სმ.); ნათლისღებისაგან განსხვავებით ეს ფილა აქ ისეა საფასადო წყობას მორგებული, რომ ის ორგანულად გამოიყურება.
რელიეფზე, როგორცა ჩანს, ეკლესიის ქტიტორი ან მისი მაშენებელია გამოსახული. მამაკაცს ცალ ხელში პატარა ჯვარი უკავია, მეორე წელთან დოინჯშემოყრილივით უდევს. რელიეფის შუაში ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული, რომლის ქვედა ძირზეც აყვავებული ტოტი გამოდის. ტოტს ყურძნის მტევნები და ფოთოლი `ასხია~. რელიეფის კვეთა პრიმიტიულია, ნახატი დაუხვეწავი. თუ ნათლობის კომპოზიციაში მაცხოვარს, წმ. იოანე ნათლიმცემელსა და ღმრთისმშობელს სახის ნაკვთები პირობითადაა მონიშნული და ფაქტიურად სამივეს ერთნაირი განყენებული გამომეტყველება აქვს, ამ რელიეფზე გამოსახულ მამაკაცს მათგან მკვეთრად განსხვავებული პირისახე აქვს. და ეს ერთი დეტალის, პირის დამატებით მიიღება . თვალები და ცხვირი კი ისევეა გამოყვანილი, როგორც ზემოთ აღწერილ რელიეფში. მქანდაკებელმა აქ კონკრეტული მამაკაცის სახასიათო ნიშნები გამოჰკვეთა და, ამდენად, ის ქტიტორის პორტრეტულ გამოსახულებად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ნათლისღების კომპოზიცია უფრო რთულია, დინამიური და ექსპრესიული, მაინც ორივე კომპოზიციას შესრულების საერთო მანერა აკავშირებს. მაგალითად, დაბალი ბრტყელი რელიეფი, შესრულების ხელოსნური დონე, თავად ფიგურების გადმოცემის სისტემა, წვრილი კიდურებით, პატარა ფეხებით და ხელის მტევნებით.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გ. გაგოშიძემ აღნიშნული რელიეფი შიდა ქართლის X ს-ით დათარიღებულ დირბის რელიეფთან კავშირში განიხილა. აი, რას სწერს იგი: `დირბის სარკმლის რელიეფზე გამოსახული უცნაური მცენარე, მსხმოიარე ღერო, დისევის გარდა, ფრონის ხეობის სოფ. ავნევის ... ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან საქტიტორო კომპოზიციაშია ჩართული. .. ნათელია, რომ აქ `განედლებული ჯვარი~, `ძელი ცხოველია~ გამოსახული... იკონოგრაფიულ მსგავსებას ამ რელიეფსა და დირბის გამოსახულებებს შორის რელიეფის კვეთის მსგავსებაც ემატება."
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რელიეფები ეკლესიის თანადროულად მეჩვენებოდა, გ. გაგოშიძის პუბლიკაციის შემდეგ თვალნათლივად გამოიკვეთA ავნევის რელიეფების მსგავსება იმავე ფრონეს ხეობისა და შიდა ქართლის ხალხური ხელოვნების ნიმუშებს შორის. აქვე დავუმატებ, რომ სიხოხლის ხის მსგავს ილუსტრირებას ვხვდებით დმენისისა და არბოს X საუკუნის ეკლესიების აღმოსავლეთი სარკმლის რელიეფებზე, ხოლო გამოკვეთილი სიბრტყობრიობით, კვეთის მანერითა და ხასიათით საერთოს ჰპოვებს ნადარბაზევის, კვაისა ჯვარის, სოხთასა და კეხვის რელიეფებთან, უსანეთის სტელასთან .
ვ. გოგოლაძე წერს, რომ საქტიტორო რელიეფი ჩაშენებულია ეკლესიის შეკეთების დროს, რაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში ვ. მარანელისა და დ. ჭიღლაძის თაოსნობით განხორციელებულა. როგორც უკვე ვთქვით, სხვა რელიეფებისაგან განსხვავებით, ეს ფილა ორგანულად ერწყმის პერანგის წყობას. შესაძლებელია, რომ რელიეფი მართლაც არ არის ამ ნაგებობის საკუთრება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი აქ ჩასმა კედლის ამოყვანა-მოპირკეთების თანავე მოხდა.
სამხრეთი მკლავის პირით კედელზე ზედა კიდეში კიდევ ერთი სამკუთხა ფილაა ჩასმული. მასზე სხივისგვარი განატოტებია ამოკვეთილი (სურ.9). გამოსახულების აღქმას ისიც ართულებს, რომ მისი კიდეები საგულდაგულოდ არის გამოლესილი. ვ. გოგოლაძე თვლის, რომ აღნიშნულ ფილაზე ხელის გამოსახულებაა და მას ძალის, სიმტკიცისა და უფლების სიმბოლოდ მიიჩნევს. შესაძლოა აქ ცხოვრების ხის გამოსახულებაც ამოვიცნოთ ანდა ათი ტოტით `სჯულის აღსრულებაზე~ ნათლისღებასთან სიმბოლურ კავშირზე მიუთითებდეს.
აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელს ისევ სადა და მოუქნელი ჩარჩო მიუყვება. ფრონტონის კიდე ამჯერად მთლიანად ნალესობითაა შევსებული, როგორც ჩანს, ერთ-ერთი წაწვეტებული ფილა ჯვრის გამოსახულებით, ამ ფასადიდანაა ჩამოვარდნილი და შემდგომ დასავლეთითაა გადატანილი.
ჩრდილოეთი ფასადი სადაა, სარკმელი ამ მხარეს არ არის. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი, რაც ამ მხარეს ამკობს, არის ნაცრისფერი ქვისგან გამოკვეთილი დიდი და ამომჯდარი გირჩი ისევდაისევ ფრონტონის ზედა კიდეში (სურ. 11). როგორც ჩანს, ეკლესიის ამგებს დეკორატიული შემკულობის საკუთარი სისტემა ჰქონდა. მან ჰორიზონტალური სარტყლები გააყოლა მისთვის მთავარი მკლავების ფასადებს, კარებისა და სარკმლების ყოველი ღიობი სადა საპირეებით მოაჩარჩოვა, ყოველი ფრონტონის ზედა კიდე მცირე რელიეფური აქვენტებით შეამკო, _ აღმოსავლეთითა და დასავლეთით ჯვრები `აღმართა~, სამხრეთით `ხელი~ თუ სიცოცხლის ხე, ჩრდილოეთით კი გირჩი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არც ეს რელიეფები ეკუთვნის ეკლესიას და ისინი წმ. შიოს ნაეკლესიარიდან არის მოტანილი და ჩასმული რემონტის დროს. წმ. შიოს ეკლესია გეგმით ბაზილიკურია და საპატრიარქოს არქეოლოგ-არქიტექტორების მიერ VI საუკუნითაა დათარიღებული. აღნიშნული რელიეფები კი ნამდვილად ვერ ჩაითვლება VI საუკუნის ნახელავად. პირიქით, ამ მცირე რელიეფთა და ეკლესიის მორთულობის პროფილთა კვეთის მსგავსი მანერა, ასევე ქვა, რომელიც მოსაპირკეთებელი ქვების იდენტურია, ასევე ოსტაობის დაბალი დონე და ის განწყობა, რომელიც საერთოა მთელი ეკლესიისა და მისი საფასადო შემკულობისათვის, ეჭვს არ ბადებს ამ რელიეფების ეკლესიისადმი კუთვნილებაში. ისინი იმავე კაცის გემოვნებითა და ხელითააა შესრულებული, ვინაც მთლიანად ფასადებზე ქვები დაალაგა, კარნიზები და საპირეები დააყოლა.
სხვა ეკლესიისათვის ნაქანდაკევი არის დიდი ფიგურული კომპოზიციები, ნათლისღება და საქტიტორო. ასევე მოტანილად მეჩვენება დასავლეთ სარკლმლის საპირის ორი ქვა, რომელიც არც ავნევის ეკლესიისათვის გამოკვეთილს ჰგავს და არც ამ ადრეული რელიეფების თანადროულია.

როგორც არქიტექტურისა და რელიეფების განხილვისას გამოიკვეთა ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ნაწარმოებია, მხოლოდ გეგმითა და მოცულობითი აგებულებით იგი სხვა ეპოქის არქიტექტურასთან ჰპოვებს მეტ საერთოს. ავნევის ეკლესიის ნახვისას პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ უცნაური მქონდა. აქ ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც ჩემს მიერ ნანახ ადრეულ ტრიკონქებში უნდა ყოფილიყო; ის რაც აქამდე ცალკეული ნანგრევების სახით მინახავს და მხოლოდ ნახაზზე რეკონსტრუირებისას წარმომიდგენია, აქ ცოცხლად ვიხილე. არადა, ჩემს წინ აშკარად მოგვიანო ხანის ნაგებობა იდგა _ საფასადო წყობით, დეკორატიული შემკულობით, მშენებლობის საერთო ხარისხით. და მაინც იყო შეგრნება, რომ ეს ტაძარი უკვე კარგად ვიცოდი. მხოლოდ გულისყურით დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ავნევი ურაველს მაგონებდა.
ორივე ტაძარი მარტივი აგებულების პატარა ტრიკონქია. ავნევი გაბარიტული ზომებით ურაველს მხოლოდ მცირედ უსწრებს. ურაველშიაც და ავნევშიაც მკლავები სწორკუთხედებშია ჩაწერილი და არცერთი აფსიდი არაა შვერილი, როგორც ეს სხვა ტრიკონქებისთვისაა დამახასიათებელი; პროპორციულად მსგავსია ურაველისა და ავნევის შიდა სივრცის აგებულება. როგორც აღწერებში უკვე აღვნიშნეთ, აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა და არცერთ ტაძარში ეს აფსიდები ნახევარწრესაც კი არ ქმნიან, აფსიდების სიგანე აღემატება მათ სიღრმეს. ამგვარი აგებულების აფსიდები სხვა ჩვენთვის ცნობილ ტრიკონქებს არა აქვთ. შიდა სივრცის კომპოზიციურ აღნაგობაში კიდევ ერთი საერთო ნიშანია. დასავლეთის მკლავი პირდარირ არის მიბმული სამყურა კომპოზიციას პილასტრების გარეშე. დასავლეთის მკლავი, რომელიც შედარებით დაგრძელებულია არ არის დანაწევრებული პილასტრებითა და ნიშებით. საერთოა ასევე კარ-ფანჯრების განაწილებაც. ყველაზე მეტად ამ ორი ეკლესიის მსგავსება გუმბათქვეშა კონსტრუქციებისა და გუმბათის ყელის აგებულებაში იგრძნობა. მართალია, გუმბათი ავნევში სხვადასხვა სამშენებლო პერიოდებს მოიცავს, მაგრამ ეს ძველის აღდგენებს უფრო ჰგავს, ვიდრე მის ხელახალ აგებას. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასასვლელად ორივე ტაძარში ე. წ. აფრები გამოიყენება; ორივე შემთხვევაში მათ მსგავსი აგებულება აქვთ მკლავების კუთხეებზე, დამატებითი თაღებია გადმოკიდული და ისინი კარნიზებამდეც არ მოდის. თუ ურაველში ამ თაღების ქვედა კიდეებს სპეციალურად ჩადგმული ქვის ქუსლები იკავებს, ავნევში ისინი არ არსებობს და ჰაერშია გამოკიდული. მათი ფორმები ორივე შემთხვევაში ჩამოუყალიბებელია და ზოგ შემთხვევაში დაკუთხული. ორივე ტაძარს გუმბათის ყელი ძალიან მოკლე და ჩამოუყალიბებელიც კი აქვს, ფორმა სრულყოფილად არ არის გამოვლენილი, ჯერ აფრის მონაკვეთიც არაა დასრულებული, რომ უკვე სფეროს სიმრგვალეზე გადადის.
ორივე ტაძარი საკმაოდ დაბალია, ხაზგასმულად დაბალი გუმბათებით. თუ ეს პროპორციები მისაღები იყო ე.წ. გარდამავალი ხანისათვის, უკვე მოგვიანო ხანაში ჩვენ მაღალგუმბათიანი ტანწერწეტა ეკლესიებს ვხედავთ. იქვე, მეზობელ სოფელში მდებარე წუნარის ეკლესიას საკმაოდ მაღალ გუმბათის ყელი აქვს. გეგმის აგებულება და საერთო პროპორციული გადაწყვეტა ავნევს IX-X საუკუნის ეკლესიებს უფრო ამსგავსებს, ვიდრე გვიანი შუა საუკუნეების ტაძრებს.
ახლა რაც შეეხება თავად ტაძრის დათარიღებას. მიუხედავად ურაველთთან მსგავსებისა, ავნევი ურავლის თანადროულად ვერ ჩაითვლება, როგორც ვხედავთ აქ საქმე Gვიან შუა საუკუნეებში გავრცელებულ ტენდენციასთან გვაქვს. ცნობილია, რომ `XIII ს-ისა და შემდგომი ხანის ოსტატები, წარსულის შესწავლას მართლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ~ და როგორც ჩანს, ხშირად წინა ეპოქის ძეგლების კოპირებასაც კი ახდენდნენ.
გეგმა, კარ-სარკმლების განაწილების პრინციპი, გუმბათქვეშა კონსტრუქციების ჩამოუყალიბებელი ფორმის კოპირება, თავად ტაძრისა და გუმბათის პროპორციული აგებულება ავნევს ურავლის შვილობილად წარმოგვიჩენს. ავნევის ხუროთმოძრვარი ურავლის პერიოდის საფასადო სისტემით რომ სარგებლობს თვალნათლივია, რადგან ის რელიეფებით აღნიშნავს ეკლესიის მისთვის მნიშვნელოვან ნაწილებს _ კარს, სარკმლებს, ფრონტონებს, სამხრეთით, განყენებულად ათავსებს საქტიტორო რელიეფს (მნიშვნელობა არა აქვს თავად ეს რელიეფები როდის იქნა შექმნილი.) რაც ძველი, გარდასული დეტალებისადმი უშინაარსო და მხატვრულ ღირებულებას მოკლებული მიბრუნებაა. თუმცა იმავდროულად ის იყენებს უკვე მოგვიანო ხანის დეკორატიულ ელემენტებს.
გვიანობის დამადასტურებელი ელემენტებია ჰორიზონტალური კოზმიდი, ქვის პერანგის წყობა და სისქე, სამშენებლო დონის დაქვეითება, დაბრეცილი ფორმები და დეკორატიული მოტივებს შესრულების მანერა და ხარისხი, მათი განაწილების `სისტემა~. საინტერესოა ამ გვიანიხანის რომელ პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ ტაძრის მშენებლობა. თავდაპირველად, როცა ავნევი ვნახე და განვიხილე ჩემს სადისერტაციო ნაშრომში, მივიჩნიე, რომ ძეგლი XIV-XV სს-ის ნაწარმოები იყო, თუმცა მოგვიანებით მისი ასაკი კიდევ უფრო `ახალგახრდად~ მომეჩვენა. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ აქ არ არის ისლამის კვალი, არცერთი შეისრული ფორმა არ გვხვდება. ე. ი. ეს ის პერიოდია, როცა ისლამიზმი ან ჯერ არ შემოსულა (ქართლისათვის XVII ს-ის I ნახ-ის ჩათვლით, როსტომ მეფემდე) ან უკვე სრულიად გარდასულია XVIIს-ის ბოლო, XVIII ს.
თუ ჩვენს მიერ ავნევის ეკლესიის ურაველთან შედარებით ანალიზს დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავნევის მშენებლობა XVI ს-მდე განხორციელდა, მანამდე, სანამ სამხრეთ საქართველოს ოსმალეთი მიიტაცებდა. შესაძლოა სწორედ XIV-XV სს-ში, როდესაც ინტერესი წინა ეპოქის არქიტექტურისადმი ცხოველი იყო.
თავად არქიტექტურის აღწერილობა და მისი სტილისტური ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ მისი აგება სწორედ მანამდე განხორციელებულა სანამ ქართლში ირანული კულტურის გავლენები დამკვიდრდებოდა, რაც თავის მხრივ XVII ს-ის შუა წლებში, როსტომ მეფის დროიდან მოხდა. ე. ი. ავნევის მშენებლობა მისი სტილისტური ხასიათიდან გამომდინარე XVII ს-ის შუა წლებამდე, ხოლო ურაველთან კავშირის გამო XVI ს-მდე მომხდარა. თარიღის გასამყარებლად, უპრიანია თვალი გადავავლოთ მშენებლობათა ინტენსივობას საქართველოს სხვადასხვა მხარეებში. ქართლი ამ დროს შედარებით პასიურად აშენებს ახალ ეკლესიებს, უფრო აქტიური დასავლეთ საქართველო გამოდის. აქ კი ორი მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. პირველი და უმნიშვნელოვანესი: ავნევი აგებულებით, სამშენებლო მასალისა და ტექნიკის გამოყენებითა თუ საერთო განწყობით ბევრ საერთოს ჰპოვებს ამავე ხანის დასავლეთ საქართველოს ეკლესიებთან (მაგ,: ტყვირი, ქორეისუბანი, ილემი, სავანე გიორგისეული) ) ; ჩვენთვის ცნობილია არაერთი ნიმუში, ისევ დასავლეთ საქართველოში, როდესაც ქვის ტანზე აგურის გუმბათი იგებოდა. მაგ,: ტყვირი, ქორეისუბანი. და მეორეც, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ყორნისის ხეობა, სადაც დგას ავნევის ეკლესია, იყო შიდა ქართლის დამაკავშირებელი დასავლეთ საქართველოსთან. ამგვარი მსჯელობის პირობებში, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია ავნევის ეკლესიის მშენებლები დასავლეთ საქართველოდან მოსული ოსტატები იყვნენ.
როგორც ჩანს, XIX საუკუნისათვის ეკლესია უკვე დაზიანებულია, საფიქრალია, რომ ეს XVIII ს-ში, ლეკიანობის დროს მოხდა . ეკლესიის გარემონტების თაობაზე ნ. გოგოლაძის წინში მოცემული ცნობაც სარწმუნოდ შეიძლება მივიღოთ. ზედა რიგის აგურის ფორმა და ხარისხი სწორედ ამ პერიოდს უნდა მიანიშნებდეს. ვფიქრობთ, ამ დროს იქნა შეკეთებული გუმბათის სფერო.
ერთი შეხედვით მოკრძალებული და პატარა სოფლის ეკლესია საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივად საკვლევ მასალას მოიცავს. ტრიკონქული გაგმარება, უცხო გვიანი ხანისათვის, სხვადასხვა სამშენებლო მასალები და ფენები, სხვადასხვა დროისა და სტილის რელიეფები, _ ეს ის საკითხებია რომელთანაც მიბრუნება ვფიქრობ კვლავ საინტერესო იქნება. აღნიშნულ სტატიას კი სრულყოფილების პრეტენზია არ გააჩნია.

http://en.wikipedia.org/wiki/Avnevi

1 comment:

Irenegiviashvili said...

ავნევის საქმე ცუდად წავიდა, რუსეთ -საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ავნევი დაიბომბა, სოფელი ქართული მოსახლეობისგან დაიცალა და ახლა ასვლაც შეუძლებელია. Google earth- ზე ეკლესია მოვძებნე, თითქოს უვნებლად დგას.