Wednesday 4 April 2012

ო შ კ ი: ნიშანსვეტი საქართველოს კულტურული და პოლიტიკური თვითმყოფადობისა

გაზეთი 24 საათი Weekend 26.02.12


დავიწყეთ ეკლესიათა ქრონიკონსა: - რპგ: - მარტსა: - კ [ე] დღესა ხარებასა

ქ(რისტ)ე ძ(ე)ო ღ(მრთი)ს(ა)ო ად(ი)დ(ე)ნ მ(ე)ფ(ე)ნი ჩ(უენ)ნი მო(ნა)ნი შ(ენ)ნი ბ(ა)გრ(ა)ტ და დ(ავი)თ ორს(ა)ვე ცხ(ო)რ(ე)ბ(ა)სა, წ(მიდა)ო ნ(ა)თლისმც(ემე)ლო მეოხ და მფ(ა)რვ(ე)ლ ეყ(ა)ვ

963 წელს, 1049 წლის უწინ, ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ ოშკის ეკლესიის შენება. ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელზე კურთხეულა, ქტიტორნი ყოფილან მეფენი ჩვენნი დავითი (მომავალში დავით III კურაპალატი) და მისი ძმა ბაგრატი, მშენებლობის ზედამხედველობა გრიგოლისთვის მიუნდვიათ, ყოველწლიურად 5.000 ფისოსი ღვინო გაუციათ და 250 გრივი ხორბალი გაუხარჯავთ, 50 ლიტრი რკინდა დასჭირვებიათ და ყოველწლიური ხარჯი 20.000 დრამა ყოფილა. მუდმივად 50 გალატოზს, მშენებელსა და მჭედელს უმუშავია, სულ კი 80 კაცი მუშაობდა, ქვას 30 ხარი ეზიდებოდა, 30 იყო გრიგოლწმინდიდან სპონდაკის ქვის მომტანიო... მშენებლობა 10 წელს გრძელდებოდა.

ძნელია დაივიწყო ემოციები, როცა კითხულობ სტროფებს ოშკის შენების შესახებ, კიდევ უფრო რთულია, როცა მიდიხარ და ამ ბუმბერაზ ძეგლს ხედავ, თითქოს სრულიად უმწეო გეჩვენება, მაგრამ ხვდები თუ რა უმწეოა დღევანდელი ტექნოლოგიები ამ ათასწლიან კონსტრუქციასთან შედარებით.

ადგილმდებარეობა და შენობის აღწერილობა

ოშკი, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერზერუმის პროვინციაში, სოფელ ჩამლიამაჩის (Çamlıyamaç) ცენტრში მდებარეობს (40.613712°N, 41.542111°E). ლამისაა და ყოველ მეორე წელს ხელახლა გადაგებულ ტრასაზე აღმართული უშველებელი ბანერები წარწერით Oşvank (სომხურად ოშკის მონასტერს ნიშნავს) kilise (თურქულად ეკელსიაა) ოშკის ნამონასტრალის სიახლოვეს გვამცნობენ და ხეობის შიგნით გვიჩვენებენ გზას. ალვის ხეებსა და კლდეებს შუა შემალული ოშკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მოულოდნელად მთელი სხეულით ჩნდება. გზა მას სამხრეთით უდგება.

ოშკის ეკლესია სამკუთხა პლატოზეა დადგმული, რომელიც სპეციალურად არის მოსწორებული. ნაშენია ყვითელი ქვიშაქვით დუღაბზე, ცალკეულ ადგილებში გამოყენებულია ხის არმატურაც. ყველა ფასადი მოპირკეთებულია კარგად ნათალი ქვის კვადრებით, რომლებიც სწორ მწკრივებად ეწყობა. ინტერიერში ყველა მზიდი დეტალი და კონსტრუქციული ნაწილი, სვეტები, თაღები, კარნიზები, სარკმლისა და კარის წირთხლები, გუმბათი, საკურთხეველი ასევე კარგად გათლილი ქვითაა ამოყვანილი, შედარებით მცირე ზომის ქვაა გამოყენებული და უფრო უხეშად დამუშავებული დანარჩენი კედლებისათვის, როგორც დასავლეთის მხლავში, ისე ჩრდილოეთით და სამხრეთით.

იატაკი დიდი ზომის ქვებითაა მოპირკეთებული, რაც ჯერ კიდევ 1917 წლის სურათებზე კარგად ჩანს, ახლა კი მიწითაა დაფარული.

შენობა ჯვარ-გუმბათიანია.Aარქიტექტურული ტერმინოლოგიით ოშკი ტრიკონქის ტიპს განეკუთვნება, სამი მკლავი, აღმოსავლეთისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა აფსიდური, ოვალური დაბოლოებისაა და სფეროს მეოთხედი ფორმის კონქებით გვირგვინდება. დასავლეთის მკლავი კი საკმაოდ გრძელია, განსხვავებით საქართველოს სხვა კუთხეებისა, ამ მხარეში განსაკუთრებით გრძელ დასავლეთის მკლავს აკეთებდნენ. ჯვრის გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული. გუმბათი არა კედლებს, არამედ ოთხ მასიურ ბურჯს ეყრდნობა. ბურჯები ერთმანეთსაგან განსხვავებული ფორმებისაა, დასავლეთის წყვილი ჯვრული ფორმისაა, კუთხეში დამატებული პილასტრებით, აღმოსავლეთის წყვილი კი მრავალწახნაგაა. ოთხივე ბურჯი მასიურ ბაზისებს ეყრდნობა. დასავლეთის წვილ ბურჯებს აღმოსავლეთის პირზე კი ღრმა ნიშები აქვს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ბურჯებიდან გუმბათის ყელზე გასასავლელად ტაო-კლარჯეთის სამშენებლო სკოლისათვის დამახასიათებელი მარაოსებრი ტრომპ-აფრები გამოიყენეს, ტრადიციული გათამაშებით: სამი სამღარიანი და ერთი განსხვავებული (სამხრეთ-დასავლეთით) ცხრაღარიანი. მასიურ ტრომპაფრებს ემყარება გუმბათქვეშა სარტყელი, გუმბათის ყელი და შემდეგ სფერო. დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლის გუმბათის ყელი წრიული ფორმისაა და 12 მაღალი სარკმელი აქვს გაჭრილი.

ბურჯების ჩადგმით არქიტექტორმა შიდა სივრცის გაზრდა და გაფართოება შეძლო, რადგან მკლავები დააშორა გუმბათქვეშა კვადრატს და კიდევ დამატებითი სივრცეები წარმოშვა. დასავლეთის მკლავი ერთნავიანია და საფეხურებად დალაგებული ნახევარსვეტებისა და მასზე გადასროლილი თაღების მეშვეობით ხუთ არათანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. დასავლეთი მხარე ცილინდრული კამარით გადაიხურებოდა, რომელიც ხუთ წყვილ პილასტრებზე ამოყვანილ თაღებზე იქნებოდა დამყარებული. დასავლეთის უკანასკნელ, ყველაზე ვიწრო მონაკვეთში პატრონიკე იყო მოთავსებული, რომლის ფრაგმენტები ახლაც შეინიშნება. პატრონიკე მეორე სართულის დონეზე აშენებული ერთგვარი აივანია, რომლის დანიშნულებაზეც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს და როგორც ჩანს სხვადასხვა ტაძარში სხვადასხვაგვარი იყო მისი კუთვნილება.

ყოველი მკლავის ორსავ მხარეს დამატებითი, გვერდის ოთახებია მოწყობილი, ყველა ორსართულიანია. ჯამში 12 ოთახია. აღმოსავლეთი აფსიდის გვერდებში ეს სამკვეთლო (ჩრდილო აღმოსავლეთით) და სადიაკვენეა (სამხრეთ-აღმოსავლეთით), სხვა ოთახების ფუნქცია კი უცნობია. ისინი ერთმანეთს აწ უკვე გამქრალი ხის კიბით უკავშირდებოდნენ.

ბურჯების ჩადგმით არქიტექტორმა შიდა სივრცის გაზრდა და გაფართოება შეძლო, რადგან მკლავები დააშორა გუმბათქვეშა კვადრატს. გუმბათის ბურჯებზე აღმართვის ტრადიცია საქართველოში ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნის წრომის ტაძრიდან მოდის, რომელიც ე.წ. ჩახაზული ჯვრის ტიპისაა. ოშკის მაშენებელმა ორი არქიტექტურული ტიპი გააერთიანა და არქიტექტურაში ახალი ტრადიციის დამკვიდრებას დაუდო საფუძველი. ეს გახლავთ ტრიკონქისა და “ჩახაზული ჯვრის” ტიპების სინთეზით მიღებული სტრუქტურა, რომელიც გაცილებით დიდი და კომფორტული სივრცის შექმნის შესაძლებლობებეს იძლევა, ვიდრე ცალკე რომელიმე არქიტექტურული ტიპი. “ჩახაზული ჯვრის” არქიტექტურა კი გულისხმობს გუმბათის ბურჯებზე დაფუძნებას, მაგრამ მისი სივრცე სწორხაზოვანი კედლებით მოისაზღვრება და სივრცის ლიმიტირებას იწვევს. ტრიკონქის, ანუ სამაფსიდიანი ტაძრების არქიტექტურა კი სივრცის გახსნას და ორგანიზებას ნახევარწრიული კედლებით დაბოლოებული მკლავებით იძლევა, მაგრამ როდესაც გუმბათი კედლის შვერილებს ეყრდნობა, რაც არ უნდა გაზარდო სიღრმეში მკლავები, ერთიანი სივრცის მიღება დიდი მასშტაბის არქიტექტურაში შეუძლებელია. ამ ორი არქიტექტურული სტრუქტურის შერწყმით კი ოშკის ავტორმა უაღრესად ვრცელი და მასშტაბური სივრცე შექმნა, სანიმუშო როგორც საკათედრო არქიტექტურისთვის, ასე სამონასტრო ეკლესიისთვის. ამაზე ქვემოთ, მანამ კი გეტყვით, რომ ოშკის გეგმით და მის მოდელზე აშენდა მომდევნო კათედრალები - ქუთაისის “ბაგრატი” და ალავერდი. ოშკის გეგმარების თანამედროვე ინტერპრეტაციაა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში, სადაც ისევ მეორდება ტრიკონქი გრძელი დასავლეთის მკლავითა და ბურჯებზე აღმართული გუმბათით.

მაგრამ მხოლოდ საქართველო როდი იყო ოშკის არქიტექტურული ტიპის გამოცდისა და გავრცობის არეალი.

შორეული საბერძნეთი, ათონის მთა, ივერთა მონასტრი, ერთი შეხედვით ბერძნული არქიტექტურა:

ლეგენდის თანახმად, ივერთა მონასტერი იმ ადგილას მდებარეობსმ სადაც, მარიამ ღმრისმშობელმა ათონის მთაზე ფეხი დადგა. ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებლები დავით კურაპალატის საყვარელი ტაოელი დიდებული, კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე დიდად პატივცემული, ბასილი II კეისრის თანამებრძოლი ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ თორნიკე პატრიკი და იოანე იყო თავის ვაჟთან ეფთვიმესთან ერთად. არქიტექტურის თვალსაზრისით ივერთა მონასტრის კათოლიკონი საერთო ათონური წრის ძეგლთა რიცხვში დგას, მაგრამ დიდი ლავრისაგან განსხვავებით, გუმბათის დამჭერად თხელი და მოხდენილი სვეტები წარმოადგენს, რამაც საოცარი უპირატესობა მიანიჭა ივირონს შიდა სივრცის გაფართოების თვალსაზრისით. მისი დღევანდელი სახე უმეტესად X-XI სს-ის არის. ივირონის ნაგებობამ რამდენიმე გადაკეთება განიცადა. გუმბათის ქვეშ, ცენტრში, იატაკში ჩასმული სპილენძის წარწერა გვამცნობს, რომ მონასტრის ეპისკოპოსმა, გიორგი ივერიელმა 1052 და 1056 წწ-ში "სვეტები ისე გაამაგრა, რომ ისინი საუკუნეების მანძილზე აღარ დაინგრევა". რაც შეეხება ამ გუმბათის დამჭერ სვეტებს, ტ. შტეფანი წერს, რომ ტიკონქში გუმბათის დამჭერი სვეტების გჩენის მხრივ "პიონერობა ვატოპედს ეკუთვნის, რადგან ამ დროისათვის ქართული არქიტექტურა არ იცნობდა გუმბათის მზიდავ, თავისუფლად მდგომი სვეტების სისტემას". ეს პირწმინდა ტყუილი წიგნის ავტორს საშუალებას აძლევს უგულვებელყოს ქართული ტრიკონქების არსებობა და რაიმენაირად დააკნინოს ქართველთა როლი ათონზე ტრიკონქის დამკვიდრების საქმეში. ამ დროისათვის, კი, როცა, ათონზე ვატოპედისა და ივერთა მონასტერები ფუძნდებოდა, ტაოს სამეფოში უკვე დიდი ხნის განსაზღვრული იყო ბურჯებზე დაფუძნებული გუმბათიანი ტრიკონქის ფორმები. და შემთხვევითი როდია, როცა ივირონისა და ოშკის ორივე ბურჯებიანი ტრიკონქის ტიპის ქტიტორები ტაოს მმართველი დავით კურაპალატი და ქართველთა და ბიზანტიის სამეფო კარზე პატივდებული თორნიკე პატრიკი გვევლინება. "ოშკის სამოთხის" ხელნაწერის მინაწერებით ცნობილია, რომ დავით კურაპალატისა და თორნიკეს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა დამოუკიდებელი ქართველთა მონასტრის აშენება ათონზე იმ განძითა და ალაფით, რომელიც ათონიდან წასულმა თორნიკემ ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ (979წ-ის 24 მარტი) მოიპოვა. ფაქტია, რომ ოშკი, რომლის აგების დრო წარწერების თანახმად 963-973 წწ-შუა მოხდა, ათონზე ივერთა მონასტრიდ დაარსებამდე უკვე აგებული ჰქონდათ ივირონის ქტიტორებს. ამავე, დროს დადასტურებულია, რომ ათონის პირველი ეკლესია, დიდი ლავრა თავდაპირველად არც ტრიკონქული ნაგებობა იყო და მისი გუმბათი არც სვეტებს არის დაყრდნობილი. ამ მხრივ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ქართველების დამსახურება შესაძლებელია სწორედ დამოუკიდებლად მდგომი გუმბათის მზიდი ბურჯების დაგეგმვაში, რომელიც შესაძლოა სწორედ ტაოდან, ოშკის გამოცდილებით განხორციელდა ათონზე და მერე გავრცელდა საბერძნეთსა და მთელს ბალკანეთზე.

ოშკის ტაძარი საკმაოდ რთული სისტემის ნაგებობაა, დასავლეთით მას კიდევ ორი მოგრძო სივრცე ედგმის. ჩრდილოეთისა ბნელი ოთახია და როგორც ვ. ჯობაძე ვარაუდობდა, ეს სათავსო ევქარისტიული ღვინის შესანახად გამოიყენებოდა. ჩრდილოეთის გრძელი ოთახის თავზეც, მეორე სართულის დონეზე მსგავსი ოთახია, მხოლოდ 4 სარკმლით უხვად განათებული. ამ სივრცის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხიდან კი კედლის სისქეში გამოყვანილ კიბე კი გუბათის ყელში ადის. სამხრეთ-დასავლეთით კი ნახევრად გახსნილი ერთსართულიანი გალერეა ედგმის, რომელიც დასავლეთი მკლავის სიგრძეს უკვე ყრუ კედლით სცილდება და კიდევ ერთი ნარტექსის სახით ევლება მის დასავლეთ ფასადს. დასავლეთით ნარტექსიE სამწუხაროდ მონგრეულია და მხოლოდ კონტურის წარმოსახვაა შესაძლებელი. დასავლეთ ნარტექსშივე იყო მოთავსებული ჩასასვლელი ეკლესიის კრიპტაში, რომელიც არცერთ პუბლიკაციაში აღწერილი არ არის, მაგრამ ბატონი ვახტანგ ჯობაძის პირადი მონათხრობიდან ვიცი, რომ ის განზრახ არ ჩავიდა ქვედა დონეზე, რამეთუ მის შემდეგ ბაგრატოვანთა საძვალე ოქროსმაძიებლებს არ წაებილწათ.

ოშკის ავტორმა რთული და დატვირთული შიდა სივრცე შექმნა. გუმბათისთვის ბურჯების აღმართვითა და ერთგვარი კუთხის სივრცეების შექმნით დიდად განსაზღვრა შიდა სივრცის სტრუქტურა, მისი სირთულე და მხატვრულ ეფექტი. სივრცეში შეიქმნა მთავარი, კარგად ხილული და მის მიღმა არსებული მეორეხარისხოვანი სივრცეები, მასთან ერთად საფეხურებად დაწობილი სხვადასხვა ჭრილის სვეტები თუ ნახევარსვეტები, ოდნავ შეისრული დიდი და ნახევარწრიული მცირე თაღეების ფორმები, არათანაბარი განათების სისტემა, ქვის დამუშავებისა და სამშენებლო ხარისხის მონაცვლეობა და მკვეთრად გამოხატული ასიმეტრიულობა მნახველზე თავბრუდამხვევი ეფექტით მოქმედებს. ტაძარში სივრცე მშფოთვარეა და იქ შესული მოძრაობს, ცვლის თვალთახედვის წერტილს, ეძებს ახალს, თითქოს დამალულსა და დაჩრდილულს, ამ შთაბეჭდილებას კიდევ მეტად აძლიერებს ის მრავალი კარ-სარკმლის ღიობი, რომელთა ნაწილი გარეთ იჭრება, ნაწილი კი დახურულ სივრცეებში.

გარე მასებში ასევე ნათლად ისახება ჯვრის ფორმა, რომელიც მკლავების სხვადასხვა დონეზე გადახურვით იკვეთება და გვირგვინს გუმბათი წარმოადგენს. სამივე აფსიდს გარედან “ბაზილიკური” ფასადი აქვს, მაღალი ფრონტონით დაგვირგვინებული ცენტრი აფსიდებს შეესაბამება, დაფერდებული ნაწილები კი გვერდის ორსართულიან ოთახებს. სამივე ფასადზე უწყვეტი თაღედი ჩნდება, რაც ავსებს ფასადის ზედაპირს და სამკუთხა ნიშებსაც მიუყვება. თაღნარი პირამიდისებურადაა დალაგებული, ცენტრში უმაღლესი თაღით. ქართული არქიტექტურისათვის ასე ჩვეული, ასე დამახასიათებელი უწყვეტი თაღედი ეს საფასადო სისტემა სწორედ ოშკიდან იმკვიდრებს ადგილს.

უწყვეტი თაღედი ამკობს ოშკის გუმბათსაც, შეწყვილებულ გრეხილ ნახევარპილასტრებზე 24 თაღია გადაყვანილი. კაპიტელებზე ერმანეთს ენაცვლება მცენარეული ორნამენტები, ჯვრებისა და ცხოველთა გამოსახულებანი ქრისტიანული იკონოგრაფიიდან.

მხოლოდ დასავლეთის მკლავი არაა უწყვეტი თაღნარით შემკული, მის მთავარ მამკობ ელემენტს დასავლეთის გალერეა წარმოადგენს. ფრიად გამორჩეული და ორიგინალურია ამ გალერიეს გადახურვა, რომელსაც ზიგზაგის ფორმა აქვს და ოთხ თაღოვან ღიობს მიუყვება. შემდეგ ხაზი სწორდება და დასავლეთით უხვევს, ისევ ახალ ფრონტონს აკეთებს... დანარჩენი ნაწილი დანგრეულია, მაგრამ კონტურებზე დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ დასავლეთით გალერეა ისევ ზიგზაგისებურად დაწყობილი ფრონტონებით იყო გადახურული, ფასადზე შერჩენილი თაღების ნაკვალევის შესაბამისად. ეს უცნაური გალერეა, რომლის ანალოგი არ არსებობს თავისი კონტურით გულისცემის გრაფიკული გამოსახულების ასოციაციებს იწვევს, შესამისია მისი მხატვრული ეფექტიც.

გალერიეს შიგნიდან სივრცე ოთხ პატარა კვადრატულ არედ არის დანაწევრებული, რომელსაც ინდივიდუალურად გამოყვანილი კამარები აგვირგვინებს. ძნელია დასავლური მეცნიერებისათვის იმის წარმოდგენა და აღიარება რომ გოთური ნერვიურებიანი კამარების პრინციპი კავკასიაში თავისთავად იყო შემუშავებული. ოშკის სამხრეთ-დასავლეთ გალერიეს გადახურვა სწორედ ე.წ. ნერვიურებიანი სისტემის წინამორბედია. მისი შემდგომი განვითარება ჩვენში მხოლოდ დეკორატიული ეფექტის კვალობაზე დარჩა და კონსტრუქციულობა, ძარღვიანობა დაკარგა, რაც ასე თვალნათლივად იყო ოშკში მიღწეული.

ოშკის ქანდაკებები

ალბათ რთული იქნება მეორე ეკლესიის დასახელება, რომელიც ასე უხვად იყოს შემკული რელიეფებითა თუ ქვაზე კვეთილი ორნამენტებით. ეს არ არის რაიმე ტიპის ან რაიმე ერთი სისტემის შემკულობა, ნაქანდაკევი გვხვდება ინტერიერშიც და ექსტერიერშიც, თვალისთვის ახლო და შორეულ დისტანციებზე, მაგრამ ყველა შემთვევაში იქნება ეს მცენარეული ორნამენტი თუ კომპოზიციები ქტისტიანული იკონოგრაფიიდან, წმინდანთა სახეები თუ დონორთა გამოსახულებანი, ყველგან განადიდებენ ეკლესიას (არა შენობას) და მის მონა-მორჩილ პატრონებს.

ქვაზე კვეთის მთელი გალერეაა თავმოყრილი სამხრეთ-დასავლეთ ნარტექსში. მისი სამხრეთი კედელი ოთხი თაღოვანი ღიობითაა გახსნილი და ყოველი სვეტი განსხვავებული ჭრილისა და განსხვავებული ფორმის ორნამენტირებულ სვეტებზეა დამყარებული. წინა სვეტების გასწვრივ კიდევ დამატებითი მწკრივია ასევე სხვადასხვაგვარად შემკული სვეტებისა. მათგან გამორჩეული რვაწახნაგა სვეტი ეკლესიის დასავლეთი მკლავის გასწვრივ ნატრექსის ჩაბნელებულ კიდეში მდებარეობს. სვეტის რვავე წახნაგი ძარღვიანი მცენარეული ორნამენტითაა დაფარული, რომლის ხლართებშიც სხვადასხვა ფიგურები ან ფიგურული კომპოზიციები ჯდება. რვაწახნაგა სვეტზე იყო მოთავსებული შუა საუკუნეების ქანდაკების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში - ვედრების კომპოზიცია, ცენტრში ქრისტე და მის გვერდით მდგომი ღვთისმშობელითა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურებით. ვედრების კომპოზიციას უკავშირდება გრიგოლ ოშკელის გამოსახულება, ძვირფას ხალათში გამოწყობილი ოშკის მშენებლობის ზედამხედველი. ვედრების ორსავ მხარეს გამოკვეთილია საკმაოდ მოცულობითი ფორმების ორი პორტრეტი, სირიელი წმინდანები კოზმა და დამიანე. კოზმას თავი დღეს საქარველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ვედრების ამ კომპოზიციის გვერდით იყო გამოკვეთილი წმ. ნინო, ორანტის პოზაში ხელაბყრობილი, ქართველთა განმანათლებელი ქალწულის ჩვენთვის ცნობილი უადრესი გამისახულება. რვაწახნაგა სვეტზე კიდევ მრავალი პატარა ფიგურა, უფრო სწორად “ბიუსტია” გამოკვეთილი, ზოგი ჯვარს ეფარება, ზოგი კი ორნამენტებიდან გამოყოფს თავს. არსებობს მოსაზრება, რომ ჯვრის უკან მდგომი ფიგურა კონსტანტინე დიდი უნდა იყოს, მაგრამ კონსტანტინეს გამოსახვის მკაცრად დაკანონებული იკონოგრაფიული ფორმულის არსებობის ფონზე, ვფიქრობ, რომ ეს კონსტანტინე კი არა, არამედ ყველა სხვა ფიგურასთან ერთად გრიგოლ ოშკელის მშენებელთა გუნდი უნდა იყოს, რომელთაც სწორედ მუხლმოყრილი გრიგოლი მიუძღვის ვედრების პოზაში. რვაწახნაგა სვეტის კაპიტელი უხვად არის შემკული ანგელოზთა, ქერუბიმთა და ტეტრამორფების გამოსახულებებით. ამ სვეტის სიმბოლური მნიშვნელობა მას ზემოთ მოთავსებული ფიგურით მჟღავნდება. ვედრების პირის ზემოთ სიმეონ მესვეტეა ორანტის პოზაში. სიცოცხლეშივე კულტად ქცეული სირიელი ბერი, რომელიც ანტიოქიაში, შავ მთაზე სვეტზე დაყუდებული ცხოვრობს. და საკუთარი ხილვების მიხედვით და მასთან უამრავი პილგრიმის დახმარებით სვეტის გარშემო აშენებს მონასტერს. საინტერესოა და სიმეონ მესვეტის მონასტრის შიდა ეზო, რომლის ცენტრიც იყო სვეტი სწორედაც რომ ოქტოგონური ფორმისაა. ამდენად, შემიძლია ვივარაუდო, რომ ოქტოგონური სვეტი ოშკში თავისი სირიელ მკურნალთა გამოსახულებებითა და მავედრებელი მშენებლებითა თუ სხვა მცირე ფიგურებით არის სიმბოლური განსახიერება სიმეონ მესვეტის მონასტრისა.

ანტიოქიის ეკლესია და სირიული ასკეტური მონასტიციზმი მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული (როცა 13 ასირიელი მამა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განმარტოვდა და იმავდროულად განივრცო), დიდი პოპულარობით სარგებლობდა. როგორც ცნობილია ქართველები ფლობდნენ კიდეც ეკლესიას სიმეონ მესვეტის მონასტრში, რომელიც მესვეტემ დედის, მართას სახელზე ააგებინა და რომელსაც ალბათ შემთხვევითი დამთხვევა არაა და ტრიკონქის ფორმა აქვს.

სიმეონ მესვეტის მეორე გამოსახულება დასავლეთის ფასადზეა შეწყვილებული სარკმლის თავზე. ეს კომპოზიცია ანალოგიურია ხახულის სამხრეთ ფასადის კომპოზიციისა, იმ განსხვავებით, რომ იქ არწივია გამოსახული.

ტაო-კლარჯეთის სკოლაში, ოშკსა და ხახულში მოხდა აღდგენა მონუმენტური ქანდაკებისა, რომლის ტრადიციაც მცხეთის ჯვრის რელიეფებიდან მომდინარეობდა. ბიზანტიური მცირე პლასტიკა სპილოს ძვლის რელიეფების სახით ერთგვარ ნიმუშსაც წარმოადგენდა ქართველი ოსტატებისათვის. მაგრამ მონუმენტური საფასადო ქანდაკება უცხო იყო თავად რომაულ ტრადიციებზე აღმოცენებული ბიზანტიისთვისაც კი. ოშკში კი X საუკუნის შუა წლებში ადამიანის სიმაღლის ქანდაკება ჩნდება, მართალია, ეს რელიეფია, მაგრამ ჰორელიეფურია და მონუმენტური, თითქოს დაშორდა კიდეც კედლის ზედაპირს.. ის წინ უსწრებს, სულ ცოტა, ერთი საუკუნით მაინც ევროპულ რომანულ ქანდაკებას. მოცულობითი მონუმენტალიზმის გამეორება ხდება ბაგრატის ფასადზე ორ ჰორელიეფურ პორტრეტში და სვეტიცხოვლის ქრისტე პანტოკრატორის რელიეფზე. ოშკის ვედრების კომპოზიცია არა მხოლოდ თამამი ფორმებით აღმოჩნდა პროგრესული, არამედ იდეური სითამამითაც, ვედრების კომპოზიციაში ჩართული ქართველთა სამეფოს მესაჭენი, მეფე დავით კურაპალატი და მისი ძმა ბაგრატი, ქრისტეს, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურათა თანაბარნი არიან როგორც ზომით, ასევე მდებარეობით. Eეს უშველებელი რელიეფური კომპოზიცია სამხრეთი ფასადის უკიდურეს აღმოსავლეთ კედელზე მდებარეობს და 5 ფიგურისაგან შედგებოდა, ცენტრში ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით, მის ორსავ მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმეცემელი ვედრების პოზაში და კიდით დონორები ძვირფასი სამეფო კაბით მოსილნი ეკლესიის მოდელებით ხელში. ვახტანგ ჯობაძის დაკვირვებით ქანდაკება შეღებილი უნდა ყოფილიყო, რამეთუ მან ჯერ კიდევ ნახა ლურჯი, წითელი და ოქროსფერი საღებავის ნარჩენები.

დონორთა წელზევითა ქანდაკებები და სავედრებელი წარერებითურთ ჩართულია სამხრეთ-დასავეთ ბურჯის ნიშის მორთულობაში. დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ეს ნიშა მეფის დასაბრძანებელი უნდა ყოფილიყო, როცა მეორე, ჩრდილოეთისა – ეპისკოპოსის. ამგვარი ნიშები მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ეკლესიებისთვისაა დამახასიათებელი.

ღვთისმშბლისა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურები და მათთან ერთად ბაგრატიონი ძმების ფიგურები გამოისახება 2 სტელაზე, რომელიც 2004 წლამდე მეჩეთის კედლის წყობაში იყო მოყოლილი. სწორედ ამ ქვებზე ამოიკითხა ჯობაძემ ეკლესიის შენების თარიღი. ვალერი სილოგავას მცდელობით, ეს ორი სტელა გამოღებული იქნა მეჩეთის კედლიდან და აქ ჩვენთვის ყველასათვის საოცარი ქანდაკებები აღმოჩნდა, ფაქტიურად დაუზიანებელი, ჯერ კიდევ საღებავშერჩენილი. ეს სტელები სანამ ერზერუმის მუზეუმში მოხვდებოდა რამდენიმე წელი ჟანდარმერიის ეზოში იყო დაცული, ან უფრო დაპატრიმრებული. მზემ და წვიმამ ავთენტური შეფერილობა საბოლოოდ გააქრო.

ტაო-კლარჯეთის ქანდაკებებში იქნება ეს დონორების არაერთი გამოსახულება, წმინდანთა პორტრეტები თუ სცენები ქრისტიანული იკონოგრაფიიდან, ხდება გაცხადება ტაოს ქართველთა სამეფოს პოლიტიკური თუ რელიგიური ამბიციებისა და მისწრაფებებისა. ამის საუკეთესო მაგალითია ღვთისმშობლის და დავით მეფის სტელა. ზემოთ ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობელია, ფრონტალურ პოზებში გამოსახული ღვთისმშობელი და ყრმა. ტრადიციული ნიკოპეისგან განსხვავებით ყრმას ფარის აღმნიშვნელი დისკო არ გააჩნია, მაგრამ დისკოს კონტურის დანახვა შეიძლება თავად ყრმის სხეულის მომრგვალებულ ფორმებში, რომელიც ქვედა რეგისტრით გადაკვეთილია, მაგრამ იკვრება დავით მეფის სახის ოვალაით. თითქოს ხდება ამ ორი სხვაასხვა ფიგურეს გაერთიანება ერთი ხაზობრივი ნახატის ქვეშ. ეს კომპოზიციური ეფექტი ერთგვარი გზავნილია მეფის, რომელიც თავად დგას ფარად და მცველად ეკლესიისა.

რა უძღოდა ოშკს წინ, საიდან მოვდივართ რა გარემო შეიქმნა ოშკის ასაშენებლად და სად განევრცო ეს იდეები?

თავს არაბობადატეხილი საქართველოსათვის სამხრეთი პროვინციები თავშესაფარი აღმოჩნდა, ზუსტად უცნობია, ილაშქრა თუ არა მურვან-ყრუმ ამ მხარეში (730-731 წწ.), მაგრამ, სუმბატ დავითის ძის თანახმად, მურვან-ყრუსაგან შემუსვრილი ქვეყანა ქოლერის ეპიდემიისაგან მოოხრებული და დაცლილი იყო. სწორედ ამ გაუდაბურებულ მხარეში მოხდა ფერფლისგან აღდგომა, რაც დიდი მეუდაბნოე მამის, გრიგოლ ხანცთელისა და აშოტ კურაპალატის მოღვაწეობას უკავშირდება. აშოტ კურაპალატი საფუძველს უდებს საქართველოს ახალ სამეფო დინასტიას, ბიბლიური დავითის შთამომავალი ბაგრატიონები საქართველოს ათი საუკუნის განმავლობაში უწყვეტად მართავდნენ. რა უძღოდა წინ ბაგრატიონთა მოღვაწეობას ტაო-კლარჯეთში? ქართლის ცხოვრება უძველეს ქართულ ქალაქთა სიის ჩამოთვლისას ასახელებს მითური ქართლოსის შვილთა და იმის შვილთა დაარსებულ უპირველეს ქალაქებს შორის თუხარისს კლარჯეთში და წუნდასა და არტაანს - ჯავახეთში, ამათგან თუხარისის ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სწორედ თუხარისში დაარსდა კლარჯეთის პირველი ეკლესია მეოთხე საუკუნეში. არტაანი კი დღევანდელი ქალაქი ადაჰანია, რომელსაც, ლეონტი მროველის თანახმად, "ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური" და სადაც რომაელთა წინააღმდეგ გადაიხადა ომი თავად ფარნავაზ მეფემ დასავლეთ საქართველოსთან გაერთიანებული ლაშქრით.

ხოლო პირველი ქართული ეკლესია იდგა ისტორიულ არტაანში. ლეონტი მროველი მოგვითხრობს, რომ მირიან მეფის თხოვნით კონსტანტინესაგან წარმოგზავნილმა ბერძენმა მშენებლებმა "ვითარ მიიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი, და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა: დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი და წარმოვიდა". არდაჰანის ვილაიეთის პროვინციულ სოფელ ერუშეთში ჩვენ მივაკვლიეთ ნანგრევებს ეკლესიისა, რომელიც, შესაძლოა, პირველ ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდეს.

პირველი საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა აქ, ახიზასა და მერეში, კლარჯეთის მხარეში, როცა ბერძენთაგან მიტაცებული კლარჯეთი ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში უკან დაიბრუნა. პირველი ქართული მონასტერი, ასევე აქ, კლარჯეთში, ოპიზაში დაარსდა V საუკუნეში და მისი დაარსებაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას უკავშირდება. ისევე, როგორც ქრისტეანობამდელი მემკვიდრეობა, ეს საეკლესიო ცენტრებიც არქეოლოგიურ კვლევებსა და აღმოჩენებს ელოდება.

ნივთიერი მემკვიდრეობა აშოტ კურაპალატის დროიდან უკვე თვალხილულია, არტანუჯის ციხეზე, რომლის აგებაც ისევ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული, სატახტო რეზიდენცია ეწყობა, სასახლითა და კარის ეკლესიით. გრიგოლ ხანცთელი კი არნახული მასშტაბის სამონასტრო კოლონიზაციას იწყებს. VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე კლარჯეთში დაარსდა და განახლდა მთელი რიგი სავანეები, რომლებიც იქცნენ ქართული განათლების კერებად, კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად შუა საუკუნეებში. გიორგი მერჩულის თხზულების "შრომაბ და მოღვაწეობაბ ღირსად ცხორებისაბ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაბ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაბ, და მის თანა დსენებაბ მრავალთა მამათა ნეტართაბ"-ის მიხედვით, ეს სავანეები რიცხვით თორმეტი ყოფილა. ამიტომ არის, რომ ძველ ქართულ წყაროებში ისინი კლარჯეთის "ათორმეტ სავანედ" და, თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, "საქართველოს სინად" არის ცნობილი. ესენია: ხანცთა, შატბერდი, ბერთა, ბარეთელთა, ჯმერკი, დაბა, მერე, პარეხნი, დოლისყანა, მიძნაძორი. გრიგოლ ხანცთელი აარსებს მონასტერს ტაოში, იმხანად "დაქვრივებულ" იშხანში. მონასტრებისათვის კლდოვან და მიუვალ ადგილებს ირჩევენ, რაც ანტიოქიური ეკლესიის ასკეტური მონასტიციზმის გამოძახილი უნდა იყოს, რადგან, როგროც ზემოთ აღვნიშნეთ ქართული ეკლესია დიდად იყო შთაგონებული სიმეონ მესვეტისა და სხვა ასირიელ მამათა ცხოვრება-მოღვაწეობით.

X საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული ქართველთა სამეფო ბიზანტიასთან ალიანსში საზღვრებს იმტკიცებს, რაც დავით III კურაპალატის (963-969 წწ.) სახელთანაა დაკავშირებული. დავით კურაპალატმა დააარსა ახალი სამონასტრო კერები, რომელნიც მყარ ნიშნულებად აღმართა ქვეყნის უკიდურეს საზღვრებზე. ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა ეკლესია - ქართველთა სამეფოს პოლიტიკის გამომხატველია. ამბიციური მეფისათვის, რომელსაც ზურგს ძლიერი საინჟინრო ნაგებობანი - ხიდები და ციხესიმაგრეები - უმაგრებდა, საკუთარ პოლიტიკას პომპეზური საეკლესიო ნაგებობების აღმართვით აცხადებდა. ასე მაგალითად, ოლთისის ციხეზე, რომელსაც ის საკუთარ რეზიდენციად იყენებდა, მცირე გუმბათიანი ეკლესია არც მეტი და არც ნაკლები, ზედ ყველაზე მაღალ კოშკზე წამოჭიმა. დავით კურაპალატის დროს და მისი უშუალო დახმარებით დაარსდა ათონის ივერთა მონასტერი; დავით კურაპალატმა საკუთარ მემკვიდრედ ბაგრატ III დაასახელა და ხელი შეუწყო, რათა სხვადასხვა სამეფოდ დაშლილი ქართული პროვინციები ერთი მმართველის ძალაუფლების ხელში მოქცეულიყო. ასე გახდა ბაგრატ III-ის ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში. დავით III გეგმა ხომ დავით IV აღმაშენებელმა 1121 წელს თბილისის შემოერთებით დაასრულა.

არქიტექტურა უტყუარი სარკეა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პერიოდი ძალიან მოკლეა, მშენებლობა უაღრესად ინტენსიურია. ჩვენთვის ცნობილია ასამდე ობიექტი და ასორმოცდაათზე მეტი ცალკეული ნაგებობა, როგორც საერო, ისე საეკლესიო სახისა. ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული სკოლის წიაღში განვითარდა და ჩამოყალიბდა მრავალი არქიტექტურული ტიპი, როგორიცაა ტრიკონქი, წრეში ჩაწერილი ტეტრაკონქი, მრავალაფსიდიანი ტაძრები, ე. წ. ჩახაზული ჯვრის, ე. წ. სამთავრო-სამთავისის ტიპი, რომელიც რეალურად ხანცთაში შეიქმნა; X საუკუნის ბოლოს აქ მოხდა ბაზილიკის თემის ხელახალი გაცოცხლება; შეიქმნა სხვადასხვა დეკორატიულ-კონსტრუქციული სისტემა, მაგალითად, უწყვეტი თაღნარით ფასადების შემკობა – რაც განუყრელი გახდა მთლიანად ქართული საეკლესიო არქიტექტურისა; შემუშავდა გუმბათის დამჭერი ტრომპ-აფრების სისტემა; გუმბათისა და მკლავების გადახურვის ქოლგისებრი სისტემა, რომელიც საფუძველს ხანცთასა და ოპიზაში იღებს და სომხურ და სელჩუკურ არქიტექტურაში ფართოდ გავრცელებული მოტივი ხდება.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დამკივდრებული აზრი, თითქოს მხოლოდ ისლამურმა ხელოვნებამ მოახდინა გავლენა მოგვიანო პერიოდის ქართულ ხელოვნებზე ცალსახაა და ფუჭი. თურქ-სელჩუკთა მიერ ანატოლიაში ახლად დაარსებული რუმის იმპერია, რომელიც ტაო-კლარჯეთის მოსაზღვრე აღმოჩნდა, დიდწილად საზრდოობდა არა მხოლოდ მათ მეზობლად შემუშავებული და აპრობირებული არქიტექტურული ფორმებითა და ორნამენტაციით, არამედ ხშირად ქართველ და სომეხ ოსტატებს ქირაობდა. მაგალითად, ერზერუმის არქიტექტურა დიდ მსგავსებას ამჟღავნებს სწორედ ტაოს არქიტექტურასთან, რაც ძირითადად პროპორციების იდენტურობისა და მსგავსი დეკორატიული მოტივების გამოყენების ხარჯზე ხდება. მაგალითად ოშკის გუმბათის პროპორციისა ერზერუმის ერთ-ერთი თურბე, ერზერუმის ციხის მესჯითს კი ტაო-კლარჯული ეკლესიების მსგავსად მოწყობილი სივრცე აქვს, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ ცალკეულ ორნამენტალ დეტალზე და ზოგადად სელჯუქთა სიყვარულს ფიგურული რელიეფების მიმართ, რაც ისლამისთვის მიუღებელი იყო და მხოლოდ კავკასიური გავლენით აიხსნება.

ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული სკოლის დახასიათებისას უნდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ მათ ჰქონდათ ბრწყინვალე საინჟინრო განათლება და ფლობდნენ არქიტექტურის პროექტირებისა და ამ პროექტის განხორციელების ოსტატობას; ააგეს ყველაზე მყარი კონსტრუქციის შენობები. მათ წარმატებით შეძლეს, შეეკრათ კამარა და გუმბათი, დაემყარებინათ ის სვეტებზე ისე, რომ ყოველგვარი რესტავრაციისა და კონსერვაციის გარეშე კონსტრუქციას ათასი წელი გაეძლო (ხანცთა, ოშკი, ხახული, იშხანი). არაერთი ძეგლის დანგრევის მიზეზი კი ადამიანთა უგუნურობა იყო. მაგალითად, 1977-1978 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს აფეთქდა ბანა, XX საუკუნეში აფეთქდა ოპიზა, ექექი, ტბეთი, ზეგანი, წყაროსთავი, გოგუბანი; გზის მშენებლობისას კლდის აფეთქებებისას ისე შეირყა ხანცთის გუმბათი, რომ 2007 წლის დეკემბერის დიდთოვლობას ვეღარ გაუძლო და ჩამოიქცა.

საქართველოს არც ერთ ნაწილში არაა შემორჩენილი ამ მასშტაბის არც ერთი ნაგებობა პირვანდელი მდგომარეობით, საგრძნობი გადაკეთებისა და ჩარევის გარეშე. ამ პირობებში ძეგლები ავთენტური, თითქმის ორიგინალური სახითაა შემორჩენილი და მათი მნიშვნელობა არქიტექტურის მკველვართათვის ფასდაუდებელია;

არ ვისაუბრებ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებში წარმოებულ იმ დიდ საგანმანათლებლო ტრადიციებზე, მხოლოდ დავსძენ, რომ ქართული ენის, როგორც საეკლესიო და საგანმანათლებლო ენის, განვითარება ისევ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებში მიმდინარობდა და სწორედ ენა ხდება განმსაზღვრელი ქართული ცნობიერებისა, რაც ჯერ ქართული ენის საერთო ეკლესიურ ენად აღიარებით განისაზღვრა, შემდგომ კი პოლიტიკურ და კულტურულ ერთობაში განსახიერდა. გიორგი მერჩულე განმარტავს, რომ "ქართლად ფრიადი ქვეყანაბ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაბ აღესრულების".

ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული იდეოლოგიით საქართველო გახდა განუყრელი ნაწილი და აქტიური მონაწილე მსოფლიო ძვრებისა ადრეული გლობალიზაციის ეპოქაში. ტაო-კლარჯეთის სასულიერო ცენტრები იქცა ერთგვარ გამტარად კულტურული მიგრაციისა ქრისტიანულ სამყაროში, ასევე, ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროთა შორის, ხოლო საერო ცენტრები - მძლავრ ბარიერად პოლიტიკური ექსპანსიების პირობებში.

რა არის ტაო კლარჯეთი?

პირობითი სახელი იმ მემკვიდრეობისა, რაც თურქეთის საზღვრებში მოქცეული შუა საუკუნეების ქართული კულტურული ცენტრებიდან მომდინარეობს. ტერმინი XX საუკუნეში სამეცნიერო ლიტერატურით დამკვიდრდა ტაოსა და კლარჯეთის ქართულ სამეფოთა სახელების გაერთიანებით, თუმცა, გარდა საკუთრივ ამ ორი ისტორიული ქართული პროვინციისა, ტერმინი ტაო-კლარჯეთი გულისხმობს სხვა ისტორიულ ქართულ პროვინციებსაც, როგორებიცაა შავშეთი, არტაანი, კოლა, ოლთისი, სპერი, ლაზეთი და მაჭახელი. დღევანდელი დაყოფით, შეესაბამება ართვინისა და არდაჰანის ვილაიეთებს და, ნაწილობრივ, ერზერუმის, ყარსის და ტრაბზონის ვილაიეთებსაც.

რას მოიცავს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობა? უპირველესად აქ მოიაზრება ის ნივთიერი მემკვიდრეობა, რაც რელიგიური, საქალაქო და თავდაცვითი ნაგებობების სახით შემორჩა და რაც მის ფარგლებში იქმნებოდა. თუმცა გაცილებით დიდია მისი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობა, რამეთუ არის აკვანი ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის ხორცშესხმისა, აკვანი სულიერი და კულტურული აღმავლობისა.

თუმცა ცნება ტაო-კლარჯეთი გაცილებით მეტია, ვიდრე ნივთიერი მემკვიდრეობა. ტაო-კლარჯეთის დანარჩენი საქართველოდან ფიზიკური მოკვეთის შემდგომ ის რჩებოდა იმ სულიერ საზრდოდ, რომელსაც კვლავაც ემყარება ქართველთა ცნობიერება. ტაო-კლარჯეთის სიძველეთა კვლევა მყარ საფუძვლად დაედო ქართველოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებას.

მდგომარეობა და დაზიანებები

მხოლოდ ჩამოვთვლი, რომ დაიკარგა ქრისტეს რელიეფური ქვა, ღვთისმშობლის რელიეფური ქვა, წმ. ნინოს რელიეფი, ვედრების რელიეფი, გატეხილია გრიგოლ ოშკელის რელიეფი, ბარაკების მონგრევას და ტერიტორიის მოსუფთავებას გადაყვა ჩვენთვის უცნობი არქეოლოგიური მასალა, ბოლომდე ჩამოინგრა დასავლეთი მკლავის კამარა, გარღვეულია გუმბათის დამჭერი კონსტრუქცია...

დღევანდელი ვითარება და პერსპექტივები

უკანასკნელი წლები ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის, პერიოდულად შეთანხმების პირას მისული მოლაპარაკებები იშლებოდა და იყინებოდა. პარალელურად გრძელდებოდა ძეგლთა დაზიანება-განიავება და შესაბამისად ვაქტიურდებოდით ე.წ. ოშკის ადვოკატები.

ჩვენი აქციები მიმართული იყო და არის როგორც თურქული მხარის მიმართ, ასევე საქართველოს მთავრობის და საზოგადოების მიმართ. რადგან ერთია რეკომენდაცია მეცნიერისა და მეორეა მოთხოვნა და დაკვეთა ერისა და ბერისა. როდესაც მოლაპარაკებები მორიგ ჩიხში შედიოდა, მე პირადად გავიარე კონსულტაციები როგორც საქართველოს მთავრობაში, ასე საპატრიარქოში და გადავწყვითეთ ოშკი პოლიტიკისაგან აგვერიდებინა და განაცხადი ძეგლთა მსოფლიო ფონდი (World Monument Fund) შევიტანეთ. მით უფრო ამას დიდი ხნის განმავლობაში გვირჩევდა ჩვენი გერმანელი კოლეგა მარკუს ბოგიში. 2012 წელს ოშკი მსოფლიო ძეგლთა ფონდის საზედამხედველო სიაშია დაყენებეული (http://www.wmf.org/project/oshki), თურქეთმა უმალ გამოაცხადა, რომ ოშკის რეაბილიტაცია მისი პრიორიტეტია და ის აქამდე მხოლოდ საქართველოს ელდებოდა. მსოფლიიო ძეგლთა ფონდსა და თურქეთის კულტურის სამინისტროს შორის დადებული მემურანდუმის ფარგლებში განიხილებოდა კიდეც ოშკის რეაბილიტაცია, სადაც თურქ ექსპერტებთან ერთად ქართველი და სხვა დასავლელი ექსპერტებიც უნდა ჩართულიყვნენ. დღეს ქართულმა და თურქულმა მხარეებმა კვლავ განაცხადეს სურვილი რომ ითანამშრომლონ საერთო კულტურული მემკიდრეობის პროექტებზე.

ხშირად მეკითხებიან, თუ თურქეთი ისედაც გააკეთებს ოშკს და მით უფრო ზედამხედველობას ისეთი გავლენიანი ორგანიზაცია გაუწევს როგოროც ძეგლთა მსოფლიო ფონდია (WMF –ის ფუნქციები ხშირად ერევათ ხოლმე ჩვენში UNESCO-ს ფუნქციებში), რაღა საჭიროა თურქეთთან საქართველოს თანამშრომლობა ამ კუთხით? დიახ, არსებობს ბერკეტები იმისა, რომ ოშკის რეაბილიტაცია მოხდეს თურქული პროექტით, ქართველი მეცნიერების ჩერთვით და ამერიკული ზედამხედველობით, მაგრამ ეს ნიშნავს საქართველოს მხრიდან ოშკის, როგორც ქართული კულტურული მემკივდრერობის ძეგლის სამართალმემკვიდრეობაზე უარის თქმას,რადგანაც, ვშიშობ რომ მხოლოდ ჩემი სახელი, თუნდაც როგროც ამ პროექტის ‘სპონსორისა” (ასე უძახიან ამერიკული ინსტიტუციები პროექტის ავტორებს) საქართველოს სახელმწიფოს არ გულისხმობს.

და შემდეგ ისევ დადგება კითხვა, მოგვცემენ კი წირვის ჩატარების უფლებას?

რა არის გასაკეთებელი:

არსებობს 3D ანახომი, რომელიც თურქეთის ოფიციალური ნებართვით შესრულდა ბატონი ვანო გრემელაშვილის და “ინჟინრული აზრის” მიერ. როგორც ჩემთვის ცნობილია მიმდინარეობდა მუშაობა პროექტირებაზე, რაც არაერთხელ შეწყდა. აუცილებელია მუშა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ადგილზე განსაზღვრავს უკანასკნელ მდგომარეობას, ყველა სახის დაზიანებასა და მათ საფრთხეებს. ძეგლი თურქეთშია და თურქული რეგულაციით პროექტირებაც და სამუშოების წარმოებაც თურქულ მხარესთან თანამშრომლობით განხორცილდება. ოშკი იმ მასშტაბის ძეგლია, რომლის ერთ რეგიონულ ჭრილში არც კვლევაა შესაძლებელი და მით უფრო მისი რეაბილიტაცია. Mმე ვთვლი, რომ სანამ შედგება რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი, ჩვენ უნდა მოვიწვიოთ მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები, ვისაც ქვის არქიტექტურაზე მუშაობის საუკეთესო შედეგები აქვს. კონსტრუქტორი აუცილებლად უნდა იყოს ქართთველი, არქიტექტორი და ასევე ხელოვნებათმცოდნე. ადგილზე დაკვირვებებისა და აზრთა, გამოცდილებისა და მოსაზრებათა გაცვლის შემდეგ ერთად უნდა ვიპოვოთ ის საუკეთესო გზა და ფორმა, რომელიც ძეგლს საბოლოოდ შეკრავს და მის ავთენტურობას არ დააზიანებს.

ვახტან ჯობაძემ უკანასკნელი სატელეფო საუბრისას მითხრა: მთელი ცხოვრება მივუძღვენი იმას, რომ ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის ღირსეულ ნაწილად წარმედგინაო.

ეს სიტყვები პირადად ჩემთვის ისეთ დანაბარებად გაჟღერდა, რასაც ყველა ყველგან გვასწავლის - სახლში, სკოლაში, ტელევიზიით, მაგრამ შეხსენება რომ მაინც გვჭირდება ხოლმე.

ირინე გივიაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი

2 ფოტ. ოშკი, ფოტო, რომელიც National Geografic-მა მსოფლიოში 12 სარისკო მდგომარეობის ძეგლთა საილუსტრაციოდ გამოიყენა. Copyright:კახა ხიმშიაშვილი,

3 ფოტ. ოშკი, ხედი აღმოსავლეთით, მარჯვნივ ჩანს ჩაშენებული მეჩეთის კედლები. 1960-იანი წლები. ფოტო: დ. უინფილდი. ლონდონის კორტუს მუზეუმის კუთვნილება.

4ფოტ. ოშკი, ვედრება, რომელიც 2002 ში დაიკარგა. დევიდ უინფილდის ფოტო, კორტუს მუზეუმის საკუთრება

5 ფოტ. გეგმა, ოშკის თანამედროვე 3D ანაზომი განხორციელდა არქ. ვ. გრემელაშვილისა და ასოცოაცია "ინჟინრული აზრის" მიერ.

სტატია დაიბეჭდა გაზეთში 24 საათი Weekend 26.02.12
http://24saati.ge/index.php/category/society/science/2012-02-26/25828

No comments: