Wednesday 4 April 2012

ბათუმი, მონატრების ქალაქი Pirosmani:2009

სტატია ბათუმზე 2009 წელს ჟურნალ "ფიროსმანი"–სთვის დავწერე. ვინც არ იცნობდა ამ ჟურნალს, ან მისი ბედი აინტერესებს, გეტყვით, რომ ფიროსმანი-Pirosmani ქართულ-თურქული გამოცემა იყო, რომელიც სტამბოლში გამოდიოდა ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების მეოხებით, რედაქტორი კი თურქეთში დაბადებულ-აღზრდილი ჩვენი თანამემამულე, მწერალი და პუბლიცისტი ფაჰრეთინ ჩილოღლუ (იგივე ბექა ფარნა ჭილაშვილი) გახლდათ. ჟურნალი 2011 წელს დაიხურა დაუფინანსებლობის გამო. წერილი ბათუმზე 2009 წლის შემოდგომის ნომერში დაისტამბა, დღეს გთავაზობთ ამ წერილს მხოლოდ მცირედი რედაქციით. წერილში ჩემი იმდროინდელი ემოციებია გადმოცემული. ნუთუ ვცდებოდი როცა ვწერდი: “არ იფიქროთ, რომ ბათუმს დღესაც მოჰყვებოდეს გარდახდილ დღეთა მძიმე კვალი, არამც და არამც. თავსხმა წვიმებსა და ბობოქარ ზღვას ის დიდი ხნის წინ გადაურეცხავს. მცხუნვარე მზეს კი მოუკრიალებია მისი სახე, ბათუმი მხიარული და ჭრელი ქალაქია.”
აღარ ვიცი ასეა თუ არა, მაგრამ დღევანდელობამ მისი ჭრელი ისტორიის გახსენების აუცილებლობაში დამარწმუნა და ნება მიბოძეთ ეს ისტორია თქვენც კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ.





ირინე გივიაშვილი
ბათუმი – მონატრების ქალაქი

ბათუმი და გურია, 
მასვი წყალი, მწყურია...  
ქართველ მუჰაჯირებში თქმული

"ფიროსმანის" მკითხველთათვის ბათუმზე წერილის დაწერის იდეა ფაჰრეთინს ეკუთვნის: ვიცი, რომ აქაურებს გაუხარდებათ, ბათუმის შესახებ სტატიას რომ წაიკითხავენ, – მითხრა მან. იდეა ენთუზიაზმით ავიტაცე, ამ ქალაქთან ხომ მრავალი წელი მაკავშირებს: ბავშვობაში, როცა ჩვენი თანამოქალაქენი დასვენებას აფხაზეთის ბუნებაში ჩაძირულ კურორტებზე ამჯობინებდნენ, ჩვენი ოჯახი ყოველ წელს ბათუმის ქალაქურ დასვენებას ირჩევდა: მსხვილკენჭებიანი პლაჟი, ხმაურიანი ზღვა, ხალხმრავალი ბულვარი, სადაც საღამოს მოციონის მოწყობა საზოგადოებასთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალება იყო, ბამბუკისა და ჭრელი მოზაიკით მოკირწყლული ზღვისპირა კაფეები (თურქულ ყავაზე მკითხაობდნენ კიდეც) და სწორი ქუჩები, ლამაზი თეთრი შენობებითა და აივანზე გაშვებული ხეივნებით...
ღამით კი მართლაც კუპრივით შავ ზღვაზე მოელვარე თეთრი პროჟექტორები და პლაჟზე მოსეირნე რუსი ჯარისკაცები იდუმალი შიშის ზარს მცემდნენ, სულ ახლოს ხომ თურქეთის საზღვარი იყო, რკინის ფარდაჩამოშვებული. ასეთად დარჩა ჩემს მეხსიერებაში ბათუმი... უკვე დიდი ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ბათუმს გადაუღებელი წვიმები სცოდნია, მაშინ კი ამას არად ვაგდებდი, რადგან წვიმიან დღეებში ბათუმური დასვენების მეორე, არანაკლებ მიმზიდველი ცხოვრება, იწყებოდა. ახლაც ცხოვლად მახსოვს ქოლგის ქვეშ შემალული მხოლოდ ვარდისფერ-თეთრი ფილების მონაცვლეობასა და შემდეგ ნაცრისფერ ასფალტს რომ ვხედავდი, მერე კი ქოლგა გადაიხსნებოდა და ხალხმრავალ "საკომისიოში" აღმოვჩნდებოდი; ასე ერქვა მაღაზიებს, რომლებიც დღევანდელ ანტიკვარიატსა და "second hand”-ს წააგავს, თუმცა იქ საინტერესო იყო ის საქონელი, რომელსაც უხვად მხოლოდ საპორტო ქალაქში თუ წააწყდებოდი. ბათუმთან ჩემს სიახლოვეს ისიც აძლიერებს, რომ ჩემი მეუღლის ოჯახიც ბათუმიდანაა: ადერკინ კოპლატაძე 15 წელი ბათუმის თავი იყო, საქორწინო მოგზაურობაც ბათუმით დავიწყეთ და ქალაქის პორტში ჩამომდგარი ძველი ინგლისური გემით შავიზღვისპირეთის კრუიზს გავყევით ოდესის მიმართულებით...


კაფე "რვაფეხა, ფანტაზია". არქიტექტორი: გიორგი ჩახავა, მოზაიკა: ზურაბ კაპანაძე, ჩემი ბავშვობის ყველაზე ჭრელი და მიმზიდველი კაფე ბათუმში პანსიონატ "ბათუმის" მიმდებარე ბულვარში.


ბათუმზე წერის დაწყება ძალიან გამიჭირდა: სტატიას ხომ მიტოვებული ბათუმის მკვიდრთა შთამომავლებისთვისაც ვწერ, მათთვის, ვისთვისაც ეს ქალაქი ასე ახლობელი და თან ასე შორეულია; მათთვის, ვისაც ბათუმზე უამრავი ლეგენდა სმენია და ჩემი წერილიც ამ ზღაპრული ისტორიის კიდევ ერთი ამბის მოლოდინი შეიძლება იყოს. ბინა, სადაც ანკარაში დავსახლდით, ბათუმელი მუჰაჯირების შთამომავლებს ეკუთვნის; როცა ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა, მოხუცმა ქალბატონმა, რომლის ოთახშიც ახლა ჩემი სამუშაო მაგიდა დგას, სიბერის გატარება თურმე ბათუმელი ქალის მზრუნველობის ქვეშ არჩია და შავიზღვისპირეთში დაბრუნდა, ახლოს წინაპართა მშობლიურ ქალაქთან... ეს ჩვეულებრივი ისტორიაა, მსგავსს აქ ყოველ ნაბიჯზე მოისმენთ. ზოგჯერ მოყოლაც აღარაა საჭირო, ლურჯი ან მუქი, ღრმა თვალებისა და კეხიანი ცხვირის მიღმა წინაპართა სევდიანი ისტორია იკითხება, რომელიც ამ ისტორიის გენეტიკურ მატარებელს, შესაძლოა, არც კი მოესმინოს.

ნიკო ფიროსმანის "ბათუმი"


ისტორია კი ასეთია: კოლხური ქალაქი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე, რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე მოიხსენიებენ, ბათუსი ერქვა.
"ბათუსი” ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს (ყურეში ზღვა მართლაც ძალიან ღრმაა); შუა საუკუნეებში ბათუმის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება ყოფილა, რომელსაც ეგრისისა მთავრები მართავდნენ. კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ჩამოყალიბებისა და საქართველოს გაერთიანების პერიოდში ბათუმი კლარჯეთის შემადგენლობაში შედიოდა. ოსმალთა ეტაპობრივი შემოსევების შემდეგ კლარჯეთის ეს უკიდურესად ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე ოსმალთა და გურიელთა (გურიის მთავრები) ცილობის საგანი იყო. XV ს-ის ბოლოს, კახაბერ გურიელის მმართველობის დროს, თურქებმა შეძლეს ამ ტერიტორიების მიტაცება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა როსტომ გურიელმა მალევე აღადგინა; როსტომ გურიელის გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს, თურქები ლაზეთსა და მიმდებარე ტერიტორიებს კვლავ დაეუფლნენ; ბათუმში, რომელსაც "ბათოგანი" უწოდეს, სიმაგრე აღადგინეს. 1609 წელს მამია გურიელმა ოტომანთა ჯარი გაანადგურა, თუმცა XVII საუკუნის ბოლოს ოსმალები ბათუმს კვლავ დაეუფლნენ და ბათუმი ლივას, ანუ სანჯაყის, მთავარ ქალაქად აქციეს. ამ პერიოდიდან დაიწყო კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის ისლამზე მოქცევაც, თუმცა მოსახლეობა ინარჩუნებდა გვარს, ენას, ქართულ წერა-კითხვას, რაც რუსეთ-თურქეთის ომებამდე გრძელდებოდა; რუსეთის სახით საქართველოს ახლა ახალი მოცილე და მბრძანებელი გამოუჩნდა. მანამდე კი რუსეთის იმპერიამ 1783 წლის "მეგობრობის” ტრაქტატით მიერთებულ საქართველოს 1785-1795 წლების ოტომანთა შემოსევების დროს დახმარება არ გაუწია და 1801 წელს ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ანექსია მოახდინა, 1810 წელს კი _ დასავლეთის.


ბათუმის პორტი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს

რუსეთ-ოსმალეთის 1828-29, 1853-1855, 1877-78 წლების ომები დიდ უბედურებად დაატყდა ბათუმის მოსახლეობას: `აქ იდგა ცალკე რუსის ჯარი და ცალკე ოსმალოსი. ჯარების დგომა ერთიერთმანეთზე სამტროდ გალაშქრებულისა კეთილს არ დააყრიდა ხალხს საზოგადოდ და უფრო იმ ხალხს საკუთრივ, რომლის მამულშიაც ჯარები იდგა და რომლის ბედი წინადვე არავინ იცოდა, ვის ჩაუვარდებოდა ხელში. ამიტომ აშკარაა, რომ არც რუსი გაუფრთხილდებოდა ხალხის სიკეთესა და არც ოსმალო", – წერდა ამ მოვლენებზე ილია ჭავჭავაძე.
რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოს რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად მისი ძირძველი, ისტორიული მიწები შემოუერთდა, 1878 წლის ბერლინის კონგრესის შეთანხმების საფუძველზე კი ბათუმიც დაუბრუნდა. ბათუმში შესვლა რუსებს სამ თვეს დაუყოვნდათ, ბათუმის ფაშა საქმეს აჭიანურებდა და, რაც შეიძლება, მეტი მოსახლეობის ცენტრალურ თურქეთში გაყვანას ცდილობდა. 1878 წლის 25 აგვისტოს ბათუმში რუსეთის არმია შევიდა და აზიზიეს მოედანზე ქალაქი საზეიმოდ ჩაიბარა. ქალაქის გასაღები დევრიშ-ფაშასაგან რუსეთის არმიის კავკასიის მთავარსარდლის უფროსის მოადგილემ, სვიატოპოლსკ-მირსკიმ, მიიღო. ქვემეხების 20 საპატიო გასროლის შემდეგ თურქული დროშა რუსულმა შეცვალა... თუმცა ამ ომების დროს საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, საქმე არც ისე კარგად იყო. რუსებმა საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება და განდევნა იწყეს.


ბათუმი, რუკა შედგენილია 1887–89 წწ
საქართველო ქართველების გარეშე – ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც 1828-29 წლების მუჰაჯირობით დაიწყო, 1853-55 და 1877-78 წლებით გაგრძელდა და რომლის ერთგვარი გამოძახილიც შარშან აგვისტოშიც ვიხილეთ. აი, რას წერდა სვიატოპოლსკ-მირსკი: `ბათუმის ოლქის მიღებით რუსეთმა მიიღო ბუნებრივი სიმაგრე კავკასიის საზღვრების ყველაზე უფრო საშიშ კუთხეში ... ხალხი, რომელიც თურქეთთანაა დაკავშირებული რელიგიით, საშიშ ელემენტს წარმოადგენს ციხის შიგნით ... ადგილობრივი მოსახლეობა უნდა მოვიცილოთ!" მოსახლეობას, რომელიც ომის ქარცეცხლისაგან ჯერაც ფეხზე ვერ წამომართულიყო, მაღალი გადასახადები დაუწესეს და მის ასაკრეფად ყველაზე უხეშ ხერხებს მიმართავდნენ. რუსეთმა რელიგიის ნიადაგზე ქართველი ერის გახლეჩაც შეძლო: ერთმანეთს დაუპირისპირა აჭარლები და გურულები. ამის შემდეგ ბევრ მუსლიმან ქართველს სამშობლოში აღარც დაედგომებოდა. ვინც 1828-29 წლებისა და 1853-54 წლების მუჰაჯირობის ორ ტალღას გადაურჩა, 1877-78 წლებში ჩურუქსუელი ალი-ფაშა თავდგირიძის ავანტიურის მსხვერპლი გახდა (ალი-ფაშას დედას, დინდიმე ხანუმს, საკუთარი ვაჟების მიერ მოტაცებული ქართველი ქალწულები ბათუმის პორტიდან სტამბოლისაკენ სულთნის ჰარემში გასაყიდად მიჰყავდა).

ჩურუქსუელი (ქობულეთელი) ალი ფაშა თავდგირიძე და მისი მილიციის წევრები
ოსმალეთში საკუთარი მილიციით ჩასულმა და სტამბოლში სულთან აბდულ აჰმად II-ის კარზე დაფასებულმა ალი-ფაშამ ორდუში, ფაციასა და უნიეში მიწები შეიგულა და ათასობით ქართველი შუა ანატოლიაში გადმოიყვანა. ასე გახდნენ მებრძოლი ქართველების შთამომავლები ოსმალეთის არმიის ღირსეული ჯარისკაცები. დაცლილ ბათუმში რუსეთმა კარი გაუხსნა ანატოლიიდან გადმოხვეწილ სომხებსა და ბერძნებს. XIX საუკუნის ბოლოსათვის ბათუმის ეთნიკური სურათი უკვე სრულიად შეიცვალა: ბათუმი მრავალეროვანი და მრავალენოვანი ქალაქი გახდა. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ბერძნები, რუსები, ებრაელები, გერმანელები ... ლოცულობდნენ თავ-თავიანთ ენებზე და ვაჭრობდნენ ქართულად, რუსულად ან თურქულად. ბათუმის ინტერნაციონალიზაციას ერთმა ფაქტმაც შეუწყო ხელი. ინგლისის ინიციატივითა და მცდელობით 1878 წელს ბათუმი პორტო ფრანკოდ გამოცხადდა და ამავე წელს აგებული სატვირთო პორტი 1886 წლამდე საბაჟო გადასახადების გარეშე მოქმედებდა. შედეგად კი განვითარდა ვაჭრობა და წარმოება. ბათუმის სამრეწველო ბუმი 1883-1903 წლებთანაა დაკავშირებული.

ბათუმი, ხედები ქალაქზე, სერგეი პროკუდინ–გორსკის ფოტოები, 1863-1944, Library of Congress Prints and Photographs Division Washington, D.C
ბაქოდან მილებით წამოსული ნავთობი ცილინდრულ ავზებში გროვდებოდა და, მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო "რუსულ კერასინად" ჩამოსხმული, გემებზე იტვირთებოდა. უცხოელების მფლობელობაში მყოფი ბათუმის "კერასინის" ქარხნებში ათასობით კაცი იყო დასაქმებული, რამაც ქალაქის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. სულ რაღაც ოც წელიწადში მიწურებიდან ევროპული ქალაქი წამოიჭიმა.

ბათუმის ბულვარი
გაშენდა ზღვისპირა ბულვარი, რომლის შექმნაც ევროპაში ნასწავლი მებაღეების – რესლერის, დალფონსოსა და გაზდელიანის – სახელებს უკავშირდება; ნურიგილის ტბის გარშემო სუბტროპიკული მცენარეების პარკი გაშენდა (იგივე – პიონერთა, თანამედროვე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი). მის განაშენიანებაში მონაწილეობა თავად რუსეთის იმპერატორს, ალექსეი III-საც კი მიუღია. მისი დარგული ხეები დღესაც ადვილად შეგიძლიათ გამოარჩიოთ სიმაღლითა და სიდიდით. 1893 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩაის პლანტაციების გაშენებას, როცა ბათუმის შემოგარენში ჩინეთიდან და იაპონიიდან ჩამოტანილი 15950 ნერგი უხარებიათ. 1911 წელს თავართქილაძის გამომცემლობაში ანისიმოვის რედაქტორობით დასტამბული სტატიების კრებულის თანახმად, 1902 წლისათვის ბათუმში 35 000 კაცი ცხოვრობდა; ფუნქციონირებდა სხვადასხვა ტიპის 14 სასწავლო დაწესებულება (1897 წელს დაარსებული ვაჟთა გიმნაზიის ბრწყინვალე შენობაში ახლა ბათუმის უნივერსიტეტია). ბათუმში 14 ქვეყნის საკონსულო იყო; მოსახლეობის შესამაბისად მრავალფეროვანი ყოფილა ბათუმის ტაძართა რელიგიური კუთვნილებაც. მართლმადიდებლური ეკლესიები – წმ. ნიკოლოზისა, ალექსანდრე ნეველისა, წმ. მიქაელისა, ღვთისმშობლისა, სასაფლაოსი და სხვ., აგრეთვე სომხურ-გრიგორიანული, სომხურ-კათოლიკური, ლუთერანული, ბათუმელი ებრაელების 2 სამლოცველო.

ორთა ჯამე
ბათუმში ყოფილა სამი მეჩეთი, დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი, 1886 წელს ასლან-ბეგ ხიმშიაშვილის შემოწირულობებით აგებული, რომელიც "ორთა ჯამეს” სახელითაა ცნობილი, რადგან ორ მეჩეთს შუა მდებარეობდა – ამჟამად დანგრეულ სულთან ჯამესა და აზიზიე ჯამეს შუა. ბათუმის ისტორიის თხრობისას ინტერესს იწვევს ამ ტაძრების შენებისა თუ ნგრევის ისტორიები. ზოგი სამარცხვინოა, ზოგიც – საამაყო. დაახლოებით ერთდროულად, ოსმალური პეიოდის მიწურულს აშენდა ბათუმის პირველი მეჩეთი აზიზიე და მართლმადიდებლური ეკლესია წმ. ნიკოლოზის სახელობისა.
აზიზიელი მოლები, სერგეი პროკუდინ–გორსკის ფოტო, 1863-1944, Library of Congress Prints and Photographs Division Washington, D.C
აზიზიეს მეჩეთი სულთან აბდულაზიზის სახელს ატარებს და შესაბამისად მისი სულთნობის პერიოდში, 1861-1876 წლებს შუა აშენდებოდა. სულთანს ექვსიდან სამი ცოლი ქართველი ჰყოლია, მათ შორის პირველი ცოლი და მისი სამი შვილის დედა ბათუმელი, მაგრამ უცნობია უკავშირდება თუ არა მის ბათუმელ ცოლს ბათუმის იმდროინდელი შენება, როცა პირველად ბათუმის ქალაქად დაგეგმარება ხდება, როცა ოსმალების მოწვეული ბერძენი არქიტექტორი კალფას მიერ გაიჭრა დღემდე არსებული რამდენიმე მთავარი ქუჩა. სწორედ ამ დროს დაიგეგმა აზიზიეს მიდებარე ტერიტორიაც და აზიზიეს მოედანი. თავად კალფამ დააპროექტა აზიზიეს მეჩეთი თუ სხვა არქიტექტორმა, არ ვიცით, მაგრამ სტილისტური თვალსაზრისითაც ნათელია, რომ აზიზიეს მეჩეთისა და მინარეთის მაშენებელი ევროპულ-კლასიცისტური არქიტექტურული გემოვნების მატარებელია და არა ოტომანური ან თუნდაც ანატოლიური არქიტექტურული ტრადიციებისა.
აზიზიეს მეჩეთი
1865 წელს ბათუმში წარმოებული მშენებლობების სანახავად ჩასულ ართვინის ვილაიეთის გუბერნატორს კმაყოფილების ნიშნად ქალაქისათვის დახმარება შეუთავაზებია. ბათუმის მოსახლეობის სახელით თხოვნა ილია ეფემენდის გაუჟღერებია. მათ მართლმადიდებლური ტაძრის ასაშენებლად ნებართვა სჭირდებოდათ, რომელიც მუსლიმანი მმართველისაგან მიუღიათ კიდეც. არ ვიცი, ეს ლეგენდა რამდენად სწორია, მაგრამ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ფილაზე დღესაც კარგად შემორჩენილი ბერძნული წარწერა, რომელიც მშენებლობის წლებს გვამცნობს - 1865-1871 - რელიგიური ტოლერანტობის ბრწყინვალე მაგალითია!

წმ. ნიკოლოზის ეკლესია გადაკეთებამდე და დღეს

წმ ნიკოლოზის ეკლესიის სამშენებლო წარწერა
1898 წელს ზუბალაშვილების ოჯახის შემწეობით აგებული კათოლიკური ტაძარი გოთიკურ სტილშია გადაწყვეტილი და დღესაც ბათუმის ხედებს ევროპულ იერს უნარჩუნებს. საბჭოთა პერიოდში გაუქმებული ტაძარი 1989 წელს ამოქმედდა, ახლა უკვე, როგორც ქალაქის მართლმადიდებლური კათედრალი.

1902 წლის "ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება, რაც ბათუმის კათოლიკური ეკლესიის კურთხევის დღეს ასახავს და კათედრალი დღეს
ბათუმის კიდევ ერთი გამორჩეული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის კათედრალის, მშენებლობას საფუძველი 1888 წელს თავად რუსეთის იმპერატორმა, ალექსეი III–მ, ჩაუყარა. სოფიის (ბულგარეთის) კათედრალის გეგმის მსგავსი გრანდიოზული ნაგებობა წითელი და თეთრი ქვით იყო ნაშენი, შიგნით მომწვანო ონიქსის კანკელით, მარმარილოს კათედრითა და მოზაიკის იატაკებით სიმდიდრისა და დიდებულების ეფექტს მოახდენდა.

"ინტურისტი"

მოახდენდა, რადგან ახლა აღარც ეს ტაძარი დგას ბათუმის ცენტრში. ისევ ისტორიას უნდა დავუბრუნდეთ, ისტორია კი ასე გაგრძელდა: 1917 წელს რუსეთში რევოლუცია მოხდა, ამით იხელთა ოსმალეთმა და პირი იბრუნა ისტორიული საქართველოს მიწებისაკენ, 1918 წლის გაზაფხულზე ბათუმში ოტომანები გამოჩენილან. ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ კავკასიური გაერთიანება (სეიმი) დაიშალა და 26 მაისს ჯერ საქართველომ, 27-ში აზერბაიჯანმა და 28-ში სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1919 წლიდან ბათუმის ოლქი და ქალაქი ბათუმი ანტანტის გამარჯვებულ სახელმწიფოთა საოკუპაციო ზონას წარმოადგენდა. აქ ჯერ გერმანელები, ხოლო იმავე წლის 20 დეკემბრიდან ინგლისის ჯარები იდგნენ; 1919 წლის 31 აგვისტოს მოწვეული ბათუმის ოლქის მაჰმადიანთა ყრილობის მოთხოვნით (ტექსტი გააჟღერა მემედ აბაშიძემ) ბათუმი დედასამშობლოს, დამოუკიდებელი საქართველოს, ნაწილი უნდა გამხდარიყო; და მართლაც, 1920 წლის ივლისში ინგლისელებმა ბათუმი დამოუკიდებელ საქართველოს ჩააბარეს.



მართალია, რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ იმპერიული ჯარებისაგან გათავისუფლებული ქვეყნის ოკუპაცია გაცილებით ადვილი ჩანდა. 25 თებერვალს თბილისის თავზე რუსული წითელი დროშა აფრიალდა. 12-17 მარტს კი ოსმალებმა ბათუმის სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან სტამბოლისაკენ სამუდამო ემიგრაციაში გაიხიზნა, ქართულმა ჯარმა გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით ბათუმისათვის ბრძოლა განაგრძო და 21 მარტს საქართველოს გამარჯვებით დაასრულა. ბათუმის უკვე საბჭოთა საქართველოს საზღვრებში მოქცევა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაფორმდა.
ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები აზიზიეს მოედანზე დაუკრძალავთ. მათი საფლავების კვალი ისევეა წაშლილი, როგორც ერთ დროს მდგარი პატარა მეჩეთისა.

90–იან წლებში ბათუმისათვის დაღუპულთა ცხედრები კუბოებში გადაასვენეს და ხელახლა დაკრძალეს, თუმცა ძეგლი მაინც არ დაუდგეს .

და ისევ რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ ისტორიას: განა რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალაქის ამდენი ღირსშესანიშნაობა უკვალოდ გაქრა. მიზეზი სხვადასხვა იყო, მიზანი ერთი – საბჭოთა კავშირი. მაგალითად, აზიზიეს მეჩეთი, როგორც ჩანს, იმიტომ დაანგრიეს, რომ მთავარ მოედანზე, ტრადიციულად, ლენინის ძეგლი უნდა დაედგათ. ასეც მოხდა.

ლენინის ძეგლი და აზიზიეს მეჩეთი ჯერ სანამ ერთად იდგნენ

აზიზიეს მეჩეთი და საცხოვრებელი სახლი მის ადგილას, ხედი ქუთაისის ქუჩიდან მელაშვილის კვეტაზე. ფოტო–კოლაჟი: შ. გუჯაბიძე

ბათუმის ხედი, უკან მოსჩანს ალექსეი ნეველის ტაძარი, წინა პლანზე კი წმ. მიქელ მთავარანგელოზის ტაძარი სამრეკლოთი (ახლდმოსულ რუსებს კათედრალის მშენებლობამდე თურქული პერიოდის არსებული შენობა ეკლესიად გადაუკეთებიათ, სამრეკლო კი რუსულ სტილზე აუგიათ, სამრეკლო 1930–იან წლებში განადგურებულა). სერგეი პროკუდინ–გორსკის ფოტო, 1863-1944, Library of Congress Prints and Photographs Division Washington, D.C

ალექსანდრე ნეველის კათედრალი კომკავშირელებმა ნუთუ იმიტომ ააფეთქეს, რომ მის ადგილას მერე სასტუმრო აეშენებინათ? თეთრი ქვებით სასტუმრო ინტურისტია აგებული, წითლით კი - თეატრი. თხრობა ძალიან გამიგრძელდა, ისტორია საინტერესო და ზედმეტად რთულია. ნუ შეშინდებით, არ იფიქროთ, რომ ბათუმს დღესაც მოჰყვებოდეს გარდახდილ დღეთა მძიმე კვალი, არამც და არამც. თავსხმა წვიმებსა და ბობოქარ ზღვას ის დიდი ხნის წინ გადაურეცხავს. მცხუნვარე მზეს კი მოუკრიალებია მისი სახე, ბათუმი მხიარული და ჭრელი ქალაქია. ოთხივე სეზონზე სიმწვანეში ჩაფლული მისი თეთრი სახლები, ზღვისპირა კაფეები და პატარა სასტუმროები ახალი სეზონის მოლოდინში არიან.
.
ქათქათა ბათუმი
ზაფხულში, როცა ბათუმის ბულვარი დამსვენებლებით გაივსება, აქ ისევ გაიგონებთ ქართულს, სომხურს, რუსულს, თურქულსა და ინგლისურს. ახლად გაფართოებული ბულვარის გაყოლებაზე წამოჭიმულ ნაირ-ნაირ რესტორნებში მრავალი ქვეყნის სამზარეულოს შემოგთავაზებენ, მაგრამ ბათუმში ჩასულმა პირველად მაინც აჭარული ხაჭაპური უნდა დააგემოვნოს, სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იან წლებში მას ფეინირლის (ყველიანი, peinir –თურქ. ყველი) ეძახდნენ... ეს წმინდა ბათუმური კერძია, რომელიც ორი კულტურის, ორი ტრადიციის, ორი სამზარეულოს, უბრალოდ, თურქული ფიდესა და ქართული ხაჭაპურის შერწყმის მშვენიერი მაგალითია.

ალი და ნინო, ბათუმი, თამარ კვესიტაძის ქანდაკება

No comments: