Wednesday 4 April 2012

ოშკი - საზოგადოების ინდიკატორი

ლონდონის უნივერსიტეტის ქინგს კოლეჯსა (King’s College) და ოქსფორდის უნივერსიტეტში 8 და 9 მარტს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ირინა გივიაშვილის ლექციებია დაგეგმილი.

24 საათი 06.03.11

  • aa
    ირინა გივიაშვილი
  • aa
    გადაღებულია ლონდონში ბიზანტინისთა XXI კონგრესზე, მოხსენება ტაოს ძეგლებზე; ხოლო მას შემდეგ, რაც ოშ
  • aa

ლონდონის უნივერსიტეტის ქინგს კოლეჯსა (King’s College) და ოქსფორდის უნივერსიტეტში 8 და 9 მარტს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ირინა გივიაშვილის ლექციებია დაგეგმილი.

ინიციატორები ბრიტანელი ბიზანტინისტები არიან, ლექცია ქინგს კოლეჯის Centre for Hellenic Studies და Late Antique and Byzantine Seminar-ის ფარგლებში გაიმართება (http://www.kcl.ac.uk/schools/humanities/hrc/chs/bmgsem.html), ოქსფორდში კი ლექცია Late Antique and Byzantine Studies Seminar-ის ფარგლებში ჩატარდება (http://www.history.ox.ac.uk/byzstud/lectures-seminars/index.html). ორივე ლექციის თემა ქართული ხელოვნება, კონკრეტულად კი, ტაო-კლარჯეთის ძეგლები იქნება. ლექციების თეზისებზე ქალბატონი ირინა თავად მესაუბრება, თუმცა ჩვენი საუბარი კიდევ უფრო ფართოა. ირინა გივიაშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში და აქტიურად გახლდათ დაინტერესებული ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების მდგომარეობით. მეტიც, მეცნიერი თავად მონაწილეობდა სხვადასხვა ეტაპზე დაწყებულ მოლაპარაკებებში.

- ორივე ლექციის შემთხვევაში საუბარი ოშკზე მექნება: Oshki Monastery Church as the Reflection of Cultural and Political History of Georgia. ოშკზე, როგორც გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლზე, სამონასტრო კომპლექსსა და საგანმანათლებლო ცენტრზე, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული, პოლიტიკური თუ სულიერი სიძლიერის სიმბოლოდ იქცა.

- რამდენად იცნობს ბრიტანული სამეცნიერო წრე ქართულ ხელოვნებას და რა აქვთ გაკეთებული ქართველ მეცნიერებს ევროპელი კოლეგების დაინტერესებისა და გათვითცნობიერების მიზნით? რატომღაც მგონია, რომ ძალიან ცოტა...

- კონკრეტულად ტაო-კლარჯეთს რაც შეეხება, არის ბრიტანელი მეცნიერი დავიდ უინფილდის ბრწყინვალე პუბლიკაცია ტაო-კლარჯეთის სკულპტურაზე, რომელიც უხვადაა ილუსტრირებული ფოტო და გრაფიკული მასალით. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1950-იანი წლების შემდეგ, როცა იქ უინფილდი მუშაობდა, მრავალი ძეგლი დაზიანდა ან განადგურდა, ამ პუბლიკაციას უაღრესად დიდი ღირებულება აქვს. გარდა ამისა, ბრიტანელი მეცნიერები პერიოდულად მოგზაურობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის პროვინციებში და ტაო-კლარჯეთის ძეგლთა საკმაოდ მდიდარი ფოტოარქივიც არსებობს Cortauld Institute-ის ბიბლიოთეკაში.

ბრიტანეთში არსებობს ფონდი, Friends of Academic Research in Georgia, რომელიც დაახლოებით 10 წელია მცირე გრანტებით ეხმარება ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე ქართველ მეცნიერებს. მეც ვიყავი იმ იღბლიანთა შორის და მათი მოწვევით საშუალება მქონდა, ჩემი კვლევის შედეგები წარმედგინა ქართული არქეოლოგიის დღეზე, რომელიც აშმოლეანის მუზეუმში (ოქსფორდი) შარშან მოეწყო. აქვე უნდა ვახსენო ქართული ხელოვნებისა და მეცნიერების დიდი მოამაგენი ბრიტანეთში - დოქტორი მანანა ოდიშელი და მისი მეუღლე, ოქსფორდის პროფესორი მაიკლ ვიკერსი. იმ მეცნიერთა სახელების ჩამოთვლას არ შევუდგები, ვინც ქართულ ხელოვნებას ბრიტანეთში პუბლიკაციებს უძღვნის, ვშიშობ, შორს წაგვიყვანს.

ზოგადად კი, ბრიტანული და დასავლური სამეცნიერო წრეები ქართულ ხელოვნებას იმდენად იცნობენ, რამდენადაც ეს მათთვის ხელმისაწვდომი იყო. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენ ერთმანეთს მოწყვეტილნი ვიყავით. თუმცა იყო ისეთი გამონაკლისებიც, როცა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები რიგრიგობით საქართველოსა და იტალიაში ეწყობოდა. მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ბევრ ქართველ მეცნიერს მიეცა საშუალება, წარმოეჩინა საკუთარი კვლევები დასავლეთში. გავიხსენებ 2006 წლის ბიზანტინისტთა კონგრესს ლონდონში, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავდა ქართველთა სიმრავლეს. გარდა ამისა, ისიც მინდა გითხრათ, რომ ქართველ მომხსენებელთა უმრავლესობა სწორედ ტაო-კლარჯეთის თემებს განიხილავდა. და ეს არცაა გასაკვირი, ტაო-კლარჯეთი სამეცნიერო მიმოქცევაში ხომ უნდა დავამკვიდროთ! ყველაფერს კი დრო სჭირდება, ჩვენ სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლები ვართ, ჯერ არა გვყავს ბრიტანეთში გაწვრთნილი ქართველი ხელოვნების ისტორიკოსები, ნელ-ნელა ეს თაობაც წამოვა და დასავლურ და ინგლისურ სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული ხელოვნებაც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

- ოშკი - როგორ სურათს დაუხატავთ ლექციის მსმენელს და მასთან ერთად, ჯერ ჩემს მკითხველს? როგორც მკვლევარმა, გაგვიკეთეთ მთავარი აქცენტები ჩვენთვისაც, მისი მნიშვნელობა - ისტორიისა და კულტურის კონტექსტში.

- ოშკი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სამშენებლო პროექტია შუა საუკუნეების საქართველოში. დავით III კურაპალატმა (958-973) ოშკისა და სხვა მონასტრების დაარსება-გაძლიერებით იმდროინდელი საქართველოს საზღვრები მონიშნა. ხახული, ოშკი, ოთხთა ეკლესია და პარხალი - ყოველი მათგანი ისტორიული საქართველოს უკიდურეს საზღვრებშია. ამდენად, ეს მონასტრები საფორტიფიკაციო შენობების გვერდით მძლავრ პოლიტიკურ ნიშნულებად აღიმართა. თუ საფორტიფიკაციო ნაგებობებით დავით კურაპალატი ქვეყნის საზღვრებს მტრის შემოსევებისაგან იცავდა, სასაზღვრო ზოლში არსებული მონასტრები იმ გამტარებად იქცა, რომელსაც ქვეყნის კულტურული და სულიერი განვითარება უნდა უზრუნველეყო. მართალია, პოლიტიკური და რელიგიური საზღვრები მრავალჯერ გადალაგდა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ჩვენი სამშობლოს ცნობიერება ისევ დავით კურაპალატის მიერ მონიშნულ საზღვრებში ექცევა.

გარდა ამისა, ოშკის არქიტექტურული ფორმა - ტრიკონქი ბურჯებზე აღმართული გუმბათით - ჯერ ათონის მთაზე იქნა დამკვიდრებული, ხოლო იქიდან მთელს ბიზანტიურ სამყაროში გავრცელდა. მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ როგორც ოშკის, ასევე ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებელნი დავით III კურაპალატი და მისი ერთგული ტაოელი დიდებული იოანე-თორნიკე ჩორდვანელი იყვნენ. ოშკის არქიტექტურამ შთააგონა შემდეგი კათედრალების მაშენებელნიც ქუთაისსა და ალავერდში, მისი თანამედროვე ვარიაციაა თბილისის წმიდა სამების კათედრალი. არც საბჭოთა პერიოდი იყო გამონაკლისი: მაშინ, როცა ეკლესიას არ აშენებდნენ, ოშკის ფორმებს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების ფასადებზე იყენებდნენ. აი, მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიის შესასვლელის წინ აღმართული ნახევარ-სვეტები ოშკის იმ ბურჯების შთაგონებითაა შექმნილი, სადაც ერთ დროს ექვთიმე თაყაიშვილმა მისი ყველაზე სიმბოლური ფოტო გადაიღო.

ოშკი არის არა მხოლოდ ქართული არქიტექტურის შედევრი, არა მხოლოდ მსოფლიო მემკვიდრეობის მარგალიტი, არამედ სიმბოლო ჩვენი სულიერი სიმტკიცისა, წინამორბედი ერთიანი ქართული სახელმწიფოსი და კულტურული აღმავლობისა.

- ტაო-კლარჯეთი - როგორ უნდა ხედავდეს თანამედროვე ქართველი მას. ჩემი აზრით, ძეგლების აღდგენა არა მხოლოდ ძეგლების გადარჩენაა, არამედ მათზე ავტორობის უფლების ხელახალი მოპოვება მსოფლიოს თვალში. ამას გარდა, იმ ქართველებთან დაახლოების გზაც, რომლებიც იმ საქართველოში დარჩნენ და ჯერ ისევ ინარჩუნებენ ენას, ისტორიულ მახსოვრობას.

- რა თქმა უნდა, ფიზიკურად ტაო-კლარჯეთი დიდი ხანია დაკარგულია საქართველოსთვის. იყო დრო, როცა იქ ჩასვლაც კი მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა, მაგრამ არის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რასაც სულიერი საზღვრები ჰქვია: "აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორდები, ხოლო სულითა მარადის შენთანა ვარ შეწევნად შენდა..." - გვიანდერძა გრიგოლ ხანძთელმა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნუ გაგვიკვირდება, რომ მას სხვა პატრონები გამოუჩნდნენ და ჩვენი პრეტენზიები, როგორც ამ მემკვიდრეობის შემქმნელებისა, დიდად დასუსტდება. ამ კონკრეტული ძეგლების გარშემო ქართული სოფლები აღარ არსებობს, თუმცა თურქეთში გენეტიკური ქართველი უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში. რა თქმა უნდა, ასეთი ძეგლების რესტავრაცია და მათი პოპულარიზაცია მათში ქართული წარმომავლობით სიამაყის გრძნობას გამოიწვევს.

- თუ სწორად მახსოვს, წლების განმავლობაში ცხოვრობდით თურქეთში და აქტიურად იყავით დაინტერესებული ტაო-კლარჯეთის ძეგლების ბედით, მდგომარეობით. მომიყევით ამ პერიოდზე და თქვენს აქტივობაზე.

- თურქეთში ოთხი წელი ვიცხოვრე, ჩემი მეუღლე, ირაკლი კოპლატაძე საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო თურქეთის რესპუბლიკაში.

ჩემი კვლევაც და ყველა მცდელობაც თურქეთამდეც და შემდეგაც თურქეთის ქართულ მემკვიდრეობას ეძღვნება და “ჩემს ძეგლებთან" ერთ სახელმწიფო საზღვრებში ყოფნამ მუშაობის სხვა შესაძლებლობები მომცა.

ამ პერიოდში თურქეთი “შიგნიდან" შევიცანი და გადავაფასე ის მოვლენები, რასაც “გარედან" ვერ ვხედავდი. თურქეთი ძალიან მდიდარი ქვეყანაა, განა კიდევ რომელ სახელმწიფოს მოეპოვება ამდენი ეპოქის, ამდენი კულტურის, ამდენი სხვადასხვა ხალხის მიერ შექმნილი მემკვიდრეობა? ყველაფერი აქაა თავმოყრილი და არც არის გასაკვირი, რომ ყველა ძეგლის დროული და სათანადო აღდგენა პრაქტიკულად ვერ ხერხდება. შარშან, მაგალითად, თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში, სერიოზული საფრთხე შეექმნა პირველი საუკუნის ავგუსტუსის ტაძარს, რომლის ფასადზეც ძველი სამყაროს ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი წარწერაა დატანილი. ამ ფონზე კი ოშკის არასწორი “დაცვა" რა გასაკვირი იქნება?

თურქეთმა დამაახლოვა მრავალ მეცნიერს, ვინც იკვლევს ბიზანტიას, ისლამს, ქართულ თუ სომხურ ხელოვნებას. მრავალჯერ მქონდა საშუალება, წამეკითხა საჯარო ლექციები, მიმეღო მონაწილეობა კონფერენციებსა თუ დისკუსიებში, ჩემს უცხოელ კოლეგებთნ ერთად მემოგზაურა ტაო-კლარჯეთში. ბევრმა მათგანმა სარეკომენდაციო წერილებითაც მიმართა თურქეთის კულტურის სამინისტროს, ამ ძეგლების გადარჩენაზე ეზრუნათ. მრავალი უმაღლესი კლასის ექსპერტი მზადაა გაგვიზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ძეგლთა კვლევის საქმეში, თუ ამის საშუალება და სურვილი იქნება.

გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ ანატოლიის ქართული ინსტიტუტის დაარსება თურქეთში. ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, იაპონიის, ამერიკის და ბევრი ქვეყნის მეცნიერები გაცილებით მარტივად თანამშრომლობენ თურქეთთან ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ. საქმე ბევრად გაგვიადვილდებოდა.

თუმცა, ყველაზე წარმატებულად მაინც ვირტუალური კამპანიები მიმაჩნია, რომლის შექმნა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ქართულ-თურქული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სკანდალურად ჩაშლილი და გაყინული იყო, ხოლო ოშკიდან ვედრების კომპოზიციის კიდევ ერთი ფიგურა გაქრა...

2009 წლის ნოემბერში შემდგარი პირველი პეტიცია თურქეთის კულტურის მინისტრის სახელზე გავრცელდა. ვფიქრობ, ვირტუალურ სამყაროში შეგროვილმა მიმართვებმა დააჩქარა ის, რომ ერზერუმის კულტურის განყოფილებამ ოშკის სარეაბილიტაციო პროექტზე ტენდერიც კი გამოაცხადა. ამასობაში მეორე კამპანიაც წამოვიწყეთ facebook-ის გვერდით - Save the Oshki/გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი, და ხელმოწერების შეგროვებით cause: Save the Oshki; სოციალური ქსელის შესაძლებლობები მართლაც ამოუწურავი აღმოჩნდა: რამდენიმე დღეში ათასობით წევრი, ასობით ღია წერილი და გახსნილი დისკუსია, რასაც უმალ მოჰყვა მასმედიის და პრესის დიდი გამოხმაურებაც (ერთ-ერთი პირველი თქვენი გაზეთი იყო, რუსუდან დარჩიაშვილის პუბლიკაციით “სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა შემოგძახიან, თქვენ გელოდებით! 20 აპრილი, 2010), ყოველივე ამან კი ხელი შეუწყო საქართველო-თურქეთს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების განახლებას და ადრე ტაბუდადებულ თემაზე ღიად საუბარს. ამას თავისი პლუსებიც აქვს, თუმცა ჩვენი მინუსებიც დაგვანახა...

- დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია - სანამ საბოლოოდ აზრი ქართულ საზოგადოებაში შეჯერდება. ჩემი აზრით, ეს ხელშეკრულება ერთგვარი ინდიკატორია - როგორ ვითარდება ჩვენი სააზროვნო სისტემა, საით და ვითარდება თუ არა საერთოდ. თითქოს რა უნდა გახდეს სალაპარაკო, როცა რეალურად გვეძლევა შანსი, "დავბრუნდეთ" და აღვადგინოთ ტაო-კლარჯეთის ჩვენეული ძეგლები, როცა მუსლიმი ქართველიც თანაბარუფლებიანი უნდა იყოს... მაგრამ მაინც ხედავენ საფრთხეებს. თქვენ როგორ ხედავთ ამ სურათს. რა არის პრობლემა? რატომ ფერხდებოდა აქამდე და რატომ არის ასეთი ცხარე დისკუსია, გვსურს თუ არა ტაოს ძეგლების შენარჩუნება? მეჩეთი საფრთხედ აღიქმება? მხოლოდ ამიტომ? ჩვენ მილიონებს ვხარჯავთ საქართველოს ამჟამინდელ ტერიტორიაზე ძეგლების გადასარჩენად. მაგრამ, თუკი საზოგადოება შეთანხმებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობა მისი ქვაკუთხედია, რატომ შეიქმნა ამხელა პრობლემა ტაოსთან მიმართებაში? ზედაპირულ პატრიოტიზმთან და ამ ძეგლების რეალური მნიშვნელობის უცოდინრობასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ეს პირადად ჩემი აზრია, არ მინდა, თავს მოგახვიოთ...

- გეთანხმებით, სწორედაც რომ ჩვენი სულიერი და ინტელექტუალური მდგომარეობის ინდიკატორი აღმოჩნდა ოშკი. ადრე მეგონა, რომ ოშკი მხოლოდ შუა საუკუნეების ხატი იყო, თურმე ის ახლაც გამოცდებს გვიწყობს.

ამ უკანასკნელ ხანს მაწუხებს კითხვა: მზად ვართ ერთიანი საქართველოს წინამორბედი ტაძრის - ოშკის აღსადგენად? ძალიან მინდა, რომ ეს შინაგანი ძალა გამოვნახოთ და არ ვაქციოთ ოშკი ქვეყანაში განხეთქილების საბაბად. ამისთვის ის ნამდვილად არ გამოდგება - მის შენებას 1000 წლის უკან ქვეყნის ერთიანობა მოჰყვა.

ბევრი, ვინც თითქოსდა ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას, საქმეში არ არის კარგად ჩახედული. გაუთავებლად ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ UNESCO არაა ის ორგანიზაცია, რომელიც რაიმეს რესტავრაციას აკეთებს. ის უკვე რესტავრირებული ძეგლების მონიტორინგს ახორციელებს და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ასე მაგალითად, სწორედ UNESCO-ს დახმარებით, ნინო და გიორგი ბაგრატიონებთან ერთად, ჩვენ შევქმენით ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი (www.virtualtao-klarjeti.co.ge);

ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ისედაც ბევრი მეჩეთია, ხოლო თურქეთში კი მოქმედი ქართული ეკლესიები არ არსებობს. დიახაც რომ! განა სულ რამდენი მართლმადიდებლური ეკლესია ფუნქციონირებს 70-მილიონიან ქვეყანაში? ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელი და ასე ადვილი გგონიათ თურქეთში ეკლესიის გახსნა? მით უფრო, ქართული ეკლესიის გახსნა ისტორიულ საქართველოში?! არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა, რომლის განხორციელებაც წარმოუდგენელია. 2004 წელს, როცა ჩვენი წიგნი “ტაო-კლარჯეთი" უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოვეცით, მან გვითხრა, რომ მალე დადგებოდა ის დღე, როცა ჩვენ ტაო-კლარჯეთში წირვას აღვადგენდით. მაშინ ეს ფანტასტიკა მეგონა, ალბათ ისევე, როგორც სტუდენტობაში ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა. მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ოცნებები, ჩვენდა უნებლიეთ, რეალობად გადაიქცევა ხოლმე. თურქეთში იმდენად მზარდია პრო-ისლამური განწყობები, რომ სეკულარულ სახელმწიფოს რელიგიური თავისუფლებების დემონსტრირება სჭირდება, რისთვისაც მათ წირვა დაუშვეს სუმელას ბერძნულ მონასტერში და ახტამარის სომხურ ეკლესიაში. ამ პოლიტიკაში ჩვენც შეიძლება ჩავეწეროთ და ოშკის ფუნქციით აღდგენის უფლება მოვიპოვოთ. თურქეთისთვის ეს ნაკლებად პრობლემური იქნება, რადგან იქ ადგილობრივი მოსახლეობა ქრისტიანი არაა და ეკლესია დატვირთვით იმუშავებს საქართველოდან და სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩასული პილიგრიმებისთვის. ეს კი მხარეში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ კი ასეთი უნიკალური შანსის წინაშე ვდგავართ და არგუმენტად ის მოგვყავს, რომ ქართველ მუსლიმებს სალოცავები ისედაც აქვთ? ეს არაფერ შუაშია თურქეთთან. სალოცავები მათ იმიტომ აქვთ, რომ მუსლიმები არიან. პრობლემა კი სულ სხვა გაუგებრობამ შექმნა: საპატრიარქოს არ უნდა სთხოვო მეჩეთის რეაბილიტაციის კურთხევა, რადგან საპატრიარქო ვერც იქნება და არც არის მეჩეთების რეაბილიტაციის წინააღმდეგი; მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე იდგეს და ერსა და ბერს საერთო ენა ვერ გამოენახოთ. მგონი, პრობლემა ინფორმაციულმა ვაკუუმმა წარმოშვა; საზოგადოებაც დაბნეულია და რეალურად ვერც კი იგებს, თუ რატომ უნდა იყოს ამ შეთანხმების წინააღმდეგი. არასოდეს არაა გვიან, რომ დიალოგი შედგეს - ეს აუცილებელიცაა!

- თუ გნებავთ, ლონდონში პატრიარქთან შეხვედრაზეც მომიყევით. თქვენი სურვილისამებრ....

- პატრიარქს მივაწოდე ინფორმაცია ოშკის სავალალო მდომარეობის შესახებ, რომლის შენებაც 963 წელს, ხარება დღეს იკურთხა... პატრიარქს ვთხოვე, რომ მისი მეორედ შენებაც ხარება დღეს აკურთხოს...

- თქვენ ბრძანდებით ხელოვნების ისტორიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობთ ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, მაინტერესებს, რა ტიპის რესტავრაციას ანიჭებთ უპირატესობას. თბილისში მუდმივი კამათია, თუნდაც ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით. მეცნიერთა ნაწილი უპირატესობას პრევენციულ კონსერვაციას ანიჭებს, რაც ბევრად უფრო მიღებულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების მიერ და რაც კონვენციებით არის დადგენილი. ბაგრატის ტაძრის სრული რეკონსტრუქცია დაიწყეს და სწორედ ამან გამოიწვია აღელვება. ვეჭვობ, იგივე ხასიათის დისკუსიები დაიწყება სამომავლოდაც არაერთი ძეგლის რესტავრაციის პროცესში. თქვენი აზრი მაინტერესებს. კარგად იცნობთ თუნდაც ოშკის მდგომარეობას. რას უნდა შეეხოს თანამედროვე მშენებლის ხელი და რას არა?

- დიახ, კამათი სოციალურ ქსელშიც დაფიქსირდა და ვფიქრობ, რომ სასარგებლო უნდა იყოს იმ კითხვების მოსმენა, რომელიც პროექტირებისას გასათვალისწინებელი შეიძლება გახდეს.

აქვე შევთანხმდეთ, რომ “მეორედ შენება" მხოლოდ რესტავრაცია-კონსერვაციას გულისხმობს და არამც და არამც მშენებლობის წარმოებას. ტელევიზიით ხშირად გაიგონებთ, რომ “ოშკმა პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს". ოშკის პირვანდელი სახით აღდგენა მაინც ვერ მოხერხდება და ამას არც არავინ უნდა შეეცადოს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც პირვანდელი სახით დღემდეა მოსული.

მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ძალოვანი ხარაჩო გუმბათს იტვირთავს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვრცელი არქეოლოგიური კვლევა (როგორც თაყაიშვილი და ჯობაძე წერენ, მათ ნახეს რამდენიმე აკლდამა დასავლეთ ნაწილში, სადაც, სავარაუდოდ, ბაგრატიონები და ოშკელი ბერები იკრძალებოდნენ), და არა მხოლოდ ტაძრის გარშემო, არამედ მთელი მონასტრის ტერიტორიაზე; რაც შეეხება ტაძრის რესტავრაციას, უნდა შეიკრას გარღვეული კამარები და კონქები - ყველა მოხაზულობა სახეზეა; თუ დასავლეთის მკლავის განივი კედლები არსებული თაღების ინტერვალებით ვერ ზიდავს კამარას, მაშინ უნდა შევეშვათ. უნდა გამთლიანდეს გაპობილი კედლები, შეივსოს კონუსი და აღდგეს მოჭიქული კრამიტის გადახურვა; უნდა აღდგეს ვედრების რელიეფის ქვეშ გამონგრეული კედლის წყობა, ასევე სამხრეთ-დასავლეთი გალერეის ბურჯი, რომელიც კაპიტელის ქვემოთ, მართალია, მთლიანად მონგრეულია, მაგრამ მისი ერთი მონაკვეთი სატრაპეზოს წინ გდია. რა თქმა უნდა, მასალად კირი და ადგილობრივი ოშკის ქვა უნდა იქნეს გამოყენებული; ის, რაც უკვე უკვალოდ დაკარგულია, ვფიქრობ არ უნდა გამოვიგონოთ (პატრონიკე ინტერიერში და დასავლეთის სტოა); არც რელიეფების ხელახალ გამოქანდაკებას და ორნამენტების ახლიდან კვეთას უნდა შევუდგეთ. გამაგრება და გაწმენდა ესაჭიროება კედლის მხატვრობასაც; რაც შეეხება სატრაპეზოსა და სკრიპტორიუმს, მგონი არქეოლოგიითა და კონსერვაციით უნდა შემოვიფარგლოთ, საკმაოდ შთამბეჭდავი ნანგრევებია.

ეს რაც შეეხება ოშკს, ყოველ ძეგლს კი ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება, რადგან სხვადასხვა სახის პრობლემებია. თუმცა, ყველა შემთხვევაში ეს მხოლოდ იმ მონაკვეთების რესტავრაცია უნდა იყოს, სადაც ზუსტი მონაცემები გვაქვს, დანარჩენი კი უნდა გავამაგროთ და შევინარჩუნოთ ისე, როგორც დავით კურაპალატის ხუროებს აუგიათ.

No comments: